შარლ მიშელის ვიზიტი

მიშელი: ყველაფერს ვიზამ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინაზე წვდომა

dw.com

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობაზე ისაუბრა. 

კონფერენციაზე შარლ მიშელი covid-19 პანდემიის პრობლემასაც შეეხო და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. 

"Covid-19-ის პერიოდში ევროპამ საქართველოს ძლიერი სოლიდარობა აჩვენა და ამას გააგრძელებს კიდეც. ამ კრიზისის დასაძლევად ჩვენ 400 მილიონი ევროს მობილიზება შევძელით. ამ მომენტში მთავარი გამოწვევა ვაქცინაციაა. ევროკავშირი კოვაქს პროგრამის მთავარი დონატორია. ამის წყალობით იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაშიც მოხდება ვაქცინის დისტრიბუცია და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა". – თქვა მიშელმა.

ასევე მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის დახმარებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართ.

"ევროკავშირის დახმარება უფრო დიდი და ფართოა ვიდრე მხოლოდ კოვიდთან ბრძოლა. სოფლის მეურნეობის სფეროსთვის ბოლო პერიოდში 800 მილიონი ევროს მობილიზება მოხდა, რაც ევროკავშირის დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილია". – დაამატა შარლ მიშელმა. 

მიშელმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზეც ისაუბრა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 28 თებერვალს ჩამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარდა შარლ მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის საოკუპაციო ხაზს მოინახულებს. 

კომენტარები