ჟურნალისტზე თავდასხმა

მდინარაძე ჟურნალისტებზე: ტყუილია, რომ საყვედური თუ წამოგვცდა, რაღაცის წახალისებაა

ტაბულა

"ტყულია, რომ საყვედური თუ წამოგვცდა, რაღაცის წახალისებაა". - ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში ჟურნალისტებზე საუბრისას.

"უნდა ვახსენო ჩვენი კოლეგა, მაკა ბოჭორიშვილი. ორმაგი სტანდარტი არ უნდა იყოს - პოლიტიკოსს თავს არ უნდა დავესხათ. პოლიტიკოსზე იერიში არ უნდა მივიტანოთ, რომელმაც ამ საკითხზე აშკარად და მკაფიოდ ილაპარაკა. როდესაც სხვა თემაზე გადადის და სიძულვილის ენაზე საუბრობს, ეს რომ ცალმხრივი არ არის, ამაზე თუ მიუთითებს, ბულინგის ობიექტი ხდება. 

მე თუ იმის თმენის ვალდებულება მაქვს, რომ დღეში 3-4-მა ტელევიზიამ 10-10 სიუჟეტი მოგვიძღვნას თითოეულ ჩვენგანს და ყველა ტყუილი იყოს და ამაზე საყვედური თუ წამოგვცდა, ეს ზეწოლაა და რაღაცის წახალისება - ეს არ არის მართალი, ეს ტყუილია." - ამბობს მდინარაძე. 

ოპოზიციის წევრების შეფასებით, სანაიაზე თავდასხმა "ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის პირდაპირი შედეგია", ვახო სანაია კი ამბობს, რომ "მგონი, განცხადებებს ძალიან კარგად უნდა დაუკვირდეთ, რას აკეთებთ, რომ მერე აგრესია ამ ფორმით არ გამოვლინდეს ხოლმე ჩემზე, ჩემს კოლეგებზე."   

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა. ვახო სანაიაზე თავდასხმას კრიტიკული მედიისადმი ქართული ოცნების აგრესიულ დამოკიდებულებას უკავშირებს მედიაკოალიციაცსაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით კი მომხდარი ხელისუფლების აგრესიული რიტორიკის გამოძახილია. ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას თქმით, ძალადობაზე სახელმწიფოს პასუხი მკაცრი უნდა იყოს. ფორმულას ტელეწამყვანზე თავდასხმას გამოეხმაურა აშშ-ს საელჩოც და დაწერა, რომ "ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია." 

თუმცა, მიუხედავად მოწოდებებისა, ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ "კრიტიკაზე, დიდი ბოდიშით და, უარს ვერ ვიტყვით." "ოცნების" ახალი სახე, მაკა ბოჭორიშვილი კი ამტკიცებს, რომ "არც ჟურნალისტებისგან გვაკლია სიძულვილის ენა." 

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს თავს გუშინ, 25 თებერვალს დაესხნენ. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.    

კომენტარები