საქართველო-ირანი

გახარიამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეგიონში არსებული ვითარება განიხილა

მუჰამედ ჯავად ზარიფი და გიორგი გახარია 
საქართველოს მთავრობა/Facebook

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ჯავად ზარიფი, საქართველოს ეწვია. ის საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, შეხვდა. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებით, პრემიერმინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა.

მთავრობის განცხადებით, საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება "მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით".

შეხვედრაზე ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

"ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ორი ქვეყნის სატრანზიტო, სატრანსპორტო კომუნიკაციის განმტკიცებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის გამოყენებას, ასევე ამ სფეროებში არსებული სირთულეების დროულად მოგვარების მნიშვნელობას." - ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში.

საქართველოს მთვარობის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს.

მთავრობის განცხადებაში წერია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი "ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა".

თავდაპირველად ირანის მედიამ 21 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზარიფი კავკასიის რეგიონის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტების გამართვას გეგმავდა.

ირანული მედიის მიხედვით, ვიზიტები გაიმართებოდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც მთიანი ყარაბაღის კრიზისის გადაჭრაში მონაწილეობა შეუძლიათ.

"ვგეგმავ, გავემგზავრო იმ ქვეყნებში, რომლებსაც შეუძლიათ ერთად მუშაობა მთიანი ყარაბაღის კრიზისის გადაჭრაში დახმარებისათვის და რეგიონში მშვიდი და სტაბილური სიტუაციის შექმნისათვის". – თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები