კორუფციის აღქმის ინდექსი

TI: ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ჯგუფის ხელში – ქვეყანა კორუფციის აღქმის ინდექსით 45-ე ადგილზეა

კორუფციის აღქმის ინდექსი – 2020
transparency.org

საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსის(CPI) 2020 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 45-ე ადგილს იყოფს პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან. საქართველოს ასევე 56 ქულა ჰქონდა გასული წლის კორუფციის აღქმის ინდექსში.

ორგანიზაციის ცნობით, ის გარემოება, რომ კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს საშუალო შედეგი აქვს, რომელიც წლებია, რაც მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მიუთითებს, რომ, მართალია, ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის (კერძოდ წვრილმანი კორუფციის შემცირების) მხრივ, მაგრამ გადაუჭრელი რჩება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებები, რომლებიც 2019 და 2018 წლების ინდექსებშიც იყო ხაზგასმული. საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი სისტემური ნაბიჯები ამ ტიპის კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით. ამ მხრივ, დღეისათვის საქართველოს მთავარი გამოწვევებია:

  • ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში. სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით პარლამენტის, სისუსტე საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას. ოპოზიციის იგნორირება და გარიყვა პოლიტიკური პროცესიდან.
  • არაფორმალური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია.
  • ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში.
  • პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში და სასამართლოს სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დომინირება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სასამართლოში კორუფციის რისკებს.
  • პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის არაეფექტიანი სისტემა; პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება უკანონო გზებით.
  • მთავრობის და პროსამთავრობო მედიის თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე.
  • ხელისუფლების ზეწოლა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაზე, მათ შორის ტელევიზიების მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ მათ ოჯახის წევრებზე. ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა და თავდასხმები მათზე, განსაკუთრებით წინა და პოსტსაარჩევნო საპროტესტო აქციების გაშუქებისას.
  • ელიტური კორუფციის პრევენციისა და გამოძიების ქმედითი სისტემის (მათ შორის, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების) არარსებობა.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგები ხელისუფლების მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნების არასებობაზე მიუთითებს.

მათივე ცნობით, მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება შეუძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და რეფორმების გარეშე, რომელთა შორის აღსანიშნავია:

  • პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელება და ძალაუფლების კონცენტრაციის პრობლემის აღმოფხვრა, მათ შორის საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის ქმედითი მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნის გზით.
  • საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენისა და სახელმწიფოს მიტაცების სხვა გამოვლინებების აღმოფხვრა.
  • სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა.
  • თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის სისტემის დახვეწა და პოლიტიკური კორუფციის შემთხვევების გამოვლენა.
  • დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ქმედითი რეაგირება კორუფციის, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე.
  • ხელისუფლების მიერ მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა.

კომენტარები