მე-10 მოწვევის პარლამენტი

ბაქრაძე: სანამ პარლამენტარის სტატუსს შემიწყვეტენ, ხელფასს ქველმოქმედებაში დავხარჯავ

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დათო ბაქრაძის თქმით, სანამ მას პარლამენტიდან დეპუტატის ხელფასი ექნება, ის ამ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.

ბაქრაძე ამბობს, რომ აქვს რამდენიმე პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაჭირვებულ ადამიანებსა და ოჯახებს დაეხმარება.

"როგორც იცით, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, იანვარში მაინც არ შეგვიწყვეტია პარლამენტის წევრის სტატუსი და შესაბამისად, ჩაირიცხა ხელფასი. ჩემი გადაწყვეტილება უკვე იცის საზოგადოებამ, რომ სანამ მექნება პარლამენტის წევრის ხელფასი ამ მოწვევის პარლამენტში, მთელ ხელფასს დავხარჯავ ქველმოქმედებაში.

დღეს გლდანის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვეხმარებით, გვაქვს სხვა პროექტებიც, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ, მათ შორის - მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად". – თქვა მან.

პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტის საკითხს 2 თებერვალს უყრის კენჭს.

მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს პარტია მოქალაქეებსა და გირჩის სამ წევრს. პარლამენტში უკვე შევიდა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია, ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

კომენტარები