რელიგიური შოვინიზმი ეკლესიაში

TDI: მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიერ ეთნიკური შუღლის გაღვივებას მივყავართ ძალადობამდე

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში ადგილობრივ ეპარქიასა და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაზე ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტუტიტუტი (TDI) ტაბულასთან შეფასებას ავრცელებს. ადგილზე მისულმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა, TDI-ის შეფასებით მოსახლეობასთან საუბრისას შუღლის გამღვივებელი კომენტარები გააკეთა. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული სამართლიანი, სეკულარული პოლიტიკა და თავიდან აირიდოს დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის ახალი კერის გაჩენა.

TDI-ის შეფასებას ტაბულასთან გთავაზობთ უცვლელად:

"მარნეულის მუნიციპალიტეტში, ვხედავთ, რომ დაპირისპირების ახალი კერა გაჩნდა, რომელსაც, სავარაუდოდ, ისევ ეთნიკური და რელიგიური სარჩული აქვს. ამჯერად სოფელ მეორე ქესალოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას დაუპირისპირდა ადგილობრივი ეპარქია.

გლეხები სოფლის მიმდიბარედ არსებული მიწების დამუშავებას ცდილობენ. სოფლის მეურნეობა მათი საარსებო წყაროა. წინააღმდეგობას ისინი ჯერ ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირისგან, შემდგომ კი უკვე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსისგან, გიორგი ჯამდელიანისგან წააწყდნენ. ეპარქია აცხადებს, რომ მას აქვს ამ მიწების განკარგვის უფლება.

წინა გამოცდილებასაც თუ გავითვალისწინებთ, როდესაც ეპარქია აღვივებდა რეგიონში ეთნიკური და რელიგიური მოტივით შუღლს (დავით გარეჯის საკითხით მანიპულირება, ნარიმანოვის ძეგლის საკითხი და სხვა), სავარაუდოდ, ამჯერადაც ამგვარ მოტივთან გვაქვს საქმე. პარალელურად ვხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებაც ეპარქიის მოთხოვნებისა და ულტიმატუმების მიმართ სუსტია - ის ვერ ახერხებს, ჰქონდეს სეკულარული და სამართლიანი პოზიცია.

ამგვარ დამოკიდებულებას, რელიგიურ შოვინიზმს, რომელსაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია აღვივებს, მივყავართ საკუთარი მოქალაქეების მიმართ გაუცხოებამდე, შეუწყნარებლობამდე და ძალადობამდე. ეს ძალიან სახიფათოა. ამიტომ სახელმწიფომ ყველაფაერი უნდა იღონოს, რათა განახორციელოს თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული სამართლიანი, სეკულარული პოლიტიკა და თავიდან აირიდოს დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის ახალი კერის გაჩენა.

TDI სწავლობს მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწებთან დაკავშირებულ პრობლემას და უფრო დეტალურ სამართლებრივ ანალიზს საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შემდგომ გავაკეთებთ." – წერია TDI-ის განცხადებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას დაუპირისპირდა ადგილობრივი ეპარქია. გლეხები სოფლის მიმდებარედ არსებული მიწების დამუშავებას ცდილობდნენ, რის გამოც წინააღმდეგობას წააწყდნენ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსისგან, გიორგი ჯამდელიანისგან.

ეპისკოპოსმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შელაპარაკებისას თქვა, რომ ეს მიწები ისტორიულად ეპარქიას ეკუთვნის და თუ სახელმწიფო არ დაიცავს მათ ინტერესებს, ისინი მზად არიან ფიზიკური წინააღმდეგობაც გაწიონ მიწების დასაცავად.

კომენტარები