აშშ-რუსეთი

ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს ახალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი "პრეზიდენტებს შორის საქმიანი და გულწრფელი საუბარი შედგა". "ვლადიმირ პუტინმა ჯოზეფ ბაიდენს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია ორივე ქვეყნის ინტერესებში იქნებოდა, იმ განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რაც ამ ორ ქვეყანას აქვს გლობალური უსაფრთხოებისთვის". –ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პრეზიდენტების მიერ განხილულ თემებს შორის იყო: სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შეთანხმება, აშშ-ს გასვლა ე.წ. ღია ცის შეთანხმებიდან, ბირთვული შეთანხმება ირანთან და კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში. 

აშშ-ს პრესსამსახურის უფროსმა, ჯენ ფსაკიმ საუბრის შინაარსზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მხარეებმა, ასევე, განიხილეს ალექსეი ნავალნის მოწამვლა. "პრეზიდენტმა გამოხატა აღშფოთება ოპოზიციონერის დაპატიმრებასთან დაკავშირებით". –წერს Associated Press თავის წყაროზე დაყრდნობით. 

ჯენ ფსაკის ცნობით, საუბარი შეეხო ცოტა ხნის წინ განხორციელებულ კიბერშეტევებს აშშ-ს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების საიტებზე, რომელშიც აშშ რუსეთს ადანაშაულებს. 

კომენტარები