ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები

ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე საუბრისას პუტინმა რუსეთის იმპერიის და სსრკ-ს დაშლა გაიხსენა

ვლადიმერ პუტინი
GETTY IMAGES

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "სტუდენტის დღის" აღსანიშნად სტუდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. კონფერენციაზე პუტინს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით აზრი ჰკითხეს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოში აქვთ, ხოლო ყველაფერი რაც კანონის ფარგლებს სცდება "არა მხოლოდ კონტრპროდუქტიული, არამედ სახიფათოა". ამის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა გაიხსენა რუსეთის ისტორიიდან ის შემთხვევები, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა კანონის ფარგლებს გასცდა. პრეზიდენტმა ოქტომბრის რევოლუციაზე და საბჭოთა კავშირის დაშლაზე ისაუბრა. მან ასევე ახსენა 7 იანვარს ვაშინგტოში კაპიტოლიუმში შეჭრა:

"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენ არაერთხელ შევჯახებივართ სიტუაციას, როცა სიტუაცია კანონის ფარგლებს სცდებოდა და მიდიოდა საზოგადოების და სახელმწიფოს ისეთ შერყევამდე, რომლისგანაც ზარალდებოდნენ არამხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს არყევდა, არამედ ისინიც, ვისაც ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ასე იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოქტომბრის რევოლუციის შედეგად... რა კეთილი ზრახვებით ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, რომლებიც არყევდნენ რუსეთის იმპერიას და რასთან მიგვიყვანა ამან? არც ჩამოვთვლი ახლა ყველაფერს. 

ან 90-იან წლებში, როცა ყველაფერი, როგორც ჩანდა, ისე ცუდად იყო, რომ მეტი არ შეიძლება. არა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაფერი ისე ცუდად იყო, რომ თავში აზრადაც არ მოუვიდოდა ვინმეს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. აღარ ვსაუბრობ დიდი რუსეთის მიერ დაკარგული გეოპოლიტიკური პოზიციის შესახებ. კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაშიც, ეკონომიკა დაიქცა, არმია დაიქცა, სამართალდამცავთა სფერო, მედიცინა - ყველაფერი, ყველაფერი დაიქცა. და ხალხმა ფაქტობრივად გამოიარა სამოქალაქო ომის მძიმე განსაცდელი, რომელიც კავკასიაში საერთაშორისო ტერორიზმმა წამოიწყო.

ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ კანონის ფარგლებში. აი, შეხედეთ, რა მოხდა აშშ-ში. ბრბო შეიჭრა პარლამენტში. ჩვენ გვქონდა მომენტი, როცა ესროდნენ პარლამენტს მოსკოვის ცენტრში. ახალგაზრდებმა ეს არც იციან. ტანკებიდან ესროდნენ პირდაპირ პარლამენტს. და ეს არ იყო დიდი ხნის წინ. თქვენ ძალიან ახალგაზრდები ხართ. მოსწავლეებს ეს არ უნახავთ, არ გაუგიათ, მათთვის ეს იგივეა რაც 1812 წელს მოსკოვზე ნაპოლეონის ლაშქრობა... მაგრამ უფროსმა ადამიანებმა ეს უნდა იცოდნენ, უნდა ახსოვდეთ და არავითარ შემთხვევაში, განსაკუთრებით პასუხისმგებლობიანმა ადამიანებმა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან ეს"


23 იანვარს რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები - "თავისუფლება ნავალნის" გაიმართა. აქციებზე ქვეყნის მასშტაბით ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. პოლიციამ 3000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.

მოსკოვში დააკავეს ნავალნის ცოლი, იულია ნავალნია და პოლიტიკოსის თანამებრძოლი, ლიუბოვ სობოლი. 

ნავალნის მხარდამჭერები ერთი კვირის შემდეგ ახალი აქციების გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ განაცხადა ნავალნის რეგიონალური შტაბების კოორდინატორმა ლეონიდ ვოლკოვმა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორცმისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი მიერ ჩატარებული გამოძიება პუტინის ფარულ ქონებაზე.

 

კომენტარები