კორონავირუსი საქართველოში

რა პირობებით აღდგება ფრენები 1-ელი თებერვლიდან – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსის ეთერში განმარტავს, რა პირობებით აღდგება ქვეყანაში ფრენები 1-ელი თებერვლიდან. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში შემოსვლის მსურველმა უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტი, რომლის პასუხი უარყოფითია. მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქვთ ჩატარებული.

"ერთ-ერთი პირობა იქნება, რომ საქართველოში ყველა შემომსვლელს უნდა ჰქონდეს PCR ტესტი გაკეთებული უარყოფითი პასუხით ბოლო 72 საათის განმავლობაში, ან თუ არ აქვს გაკეთებული, აეროპორტებში არის სიმძლავრე [შესაძლებლობა]. ან ის, ვინც ვაქცინირებულია უკვე". – თქვა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე კითხვას – შესაძლებელია თუ არა ჩამოსული ადამიანების საკარანტინო სივრცეებში განთავსება, პასუხობს, რომ "შესაძლებელია, მაგალითად, ინგლისში ახალი შტამი რომ დაფიქსირდა, ბოლო 2 კვირის განმავლობაში იქ ნამყოფი ადამიანი გადადის მაინც საკარანტინო სივრცეში".

რეგულარული ფრენების აღდგენის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, "ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით".

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 11 248 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 456 ადამიანი.  24 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 253 518 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 242 085 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 055 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები