კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, დანის პირზე უნდა ვიაროთ

"ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, დანის პირზე უნდა ვიაროთ". - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვების შესახებ.

"პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი სწორედ ეს შეზღუდვები და რეგულაციებია, ვაქცინაციასთან ერთად.  

მესმის, ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, ჩვენ დანის პირზე ოქროს შუალედით უნდა ვიაროთ კიდევ გარკვეული პერიოდი. გვექნება შეზღუდვა, გვექნება შემსუბუქება, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის ადამიანის ჯანმრთელობა". - ამბობს ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 


დღეს, 24 იანვარს მთავრობის კანცელარიასთან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მოიხსნას ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები, სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში, ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და, საჭიროების მიხედვით, მოიხსნას ყველა შეზღუდვა. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, რომ აღდგეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, აღადგინოს მუშაობა სახელოვნებო სივრცეებმა და შემსუბუქდეს კომენდანტის საათი. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან მუშაობას სავაჭრო ცენტრები აღადგენენ. სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში არ გაიხსნება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:  

  • 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა, ვიცეპრემიერის თქმით, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.
  • თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აღდგება სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ტრანსპორტის და სკოლების გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება.
  • პირველი თებერვლიდან, იხსნება შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე. რეისების შესრულება ყველა ავიაკომპანიას შეეძლება, თუმცა, "გარკვეული სიხშირეებით".
  • ღია და დახურული ბაზრობები საქართველოს ყველა ქალაქში 15 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას.
  • 1-ელ მარტამდე, კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ 21:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს. 
  • საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნა პირველი მარტიდან იგეგმება.
  • ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებსა და საქალაქთშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.
  • შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულებების გადახდა/აღნიშვნა.
  • სავალდებულო რჩება პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.

კომენტარები