რუსეთი

გია ნოდია: გვიყვარდეს თუ არა ალექსეი ნავალნი?

რუსეთი

გია ნოდია: გვიყვარდეს თუ არა ალექსეი ნავალნი?

ქართული საზოგადოება დაბნეულია, როგორი დამოკიდებულება ჰქონდეს რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიმართ. მან დიდი გამბედაობა და მახვილგონიერება გამოიჩინა პუტინის რეჟიმის მხილებაში და მის ყველაზე სახიფათო, სულ მცირე, მეტად უხერხულ მოწინააღდეგედ იქცა. თუ ტირანები და, კერძოდ, პუტინი არ გვიყვარს, ნავალნისკენ უნდა ვიყოთ.

მეორე მხრივ, ნავალნის ზოგი გამონათქვამი ჩვენთვის მოსაწონი ვერ იქნება. მან გაამართლა რუსეთის ხელისუფლების მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცნობა და ქართველებს ხანდახან აგდებული ტონით იხსენიებს. თუ პუტინის პოტენციურ შემცვლელს საქართველოს მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ექნება, რატომ უნდა თანავუგრძნოთ მას?

უფროსი თაობის წარმომადგენლებს ახსენდებათ რუსი ლიბერალი დისიდენტი ანდრეი სახაროვი, რომელიც 1980-იან წლებში რუსული დემოკრატიული მოძრაობის სიმბოლო გახდა. ის, ვინც კრემლის კომუნისტურ დიქტატურას ებრძოდა, წესით, უნდა მოგვწონებოდა. მაგრამ სახაროვმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში საქართველოს „პატარა იმპერია“ უწოდა, რითაც ჩვენს მოწინააღმდეგეებს დაუჭირა მხარი. ამან ქართველები აღაშფოთა.

პასუხად ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, რუსეთის შიდა პოლიტიკაში ვინ უფრო დემოკრატია და ვინ უფრო ავტორიტარი: საქართველოს მიმართ ყველა იმპერიალისტია. ეს მიდგომა ჩვეულებრივ ჯამდება ფრაზით „ორი რუსეთი არ არსებობს“.

ორი რუსეთის მითი

ამ ბოლო წინადადებას არსებითად მეც ვეთანხმები. „ორი რუსეთი“ მითია, რომელიც პოპულარული იყო შევარდნაძის ადმინისტრაციის პირველ წლებში. მის თანახმად, არსებობდა, ერთი მხრივ, ცუდი, ანუ რეაქციული, ნეოკომუნისტური და ნეოიმპერიალისტური რუსეთი და, მეორე მხრივ, კარგი, დემოკრატიული რუსეთი. პირველს უნდოდა დიქტატურა და საბჭოთა კავშირის აღდგენა, დასავლეთს კი მტრად თვლიდა, მეორეს უნდოდა დემოკრატია, რეგიონული მშვიდობა და დასავლეთის მოკავშირეობა. თუ მეორე გაიმარჯვებდა, საქართველოს რუსეთთან პრობლემები არ ექნებოდა.  

ამ მითს ემყარებოდა შევარდნაძის ადმინისტრაციის პოლიტიკა აფხაზეთის ომში და რაღაც პერიოდი მის შემდეგ. მას იმედი ჰქონდა, რომ „კარგ რუსეთთან“ თანამშრომლობით საქართველო აფხაზეთის დაკარგვას გადაურჩებოდა, ხოლო ომის წაგების შემდეგ - რომ რუსეთის მიმართ დათმობებით (დსთ-ში შესვლით, რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსებით და ა. შ.) აფხაზეთს დაიბრუნებდა. ამ სტრატეგიამ წარმატება ვერ მოიტანა, რასაც სამართლიანად მოჰყვა ამ მითის დისკრედიტაციაც. 

უნდა ითქვას, რომ ამ დროს რუსეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკაც მსგავს ხედვას ემყარებოდა. ის ლამის უპირობოდ უჭერდა მხარს „კარგ რუსეთს“ ელცინის სახით, რადგან „ცუდების“, კომუნისტების ხელისუფლებაში დაბრუნებისა ეშინოდა. სავარაუდოდ, შევარდნაძის ადმინისტრაციამ „ორი რუსეთის“ მითი დასავლეთის გავლენითაც აიტაცა. ახლა ვიცით, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის იმდროინდელმა პოლიტიკამაც კრახი განიცადა. „კარგი რუსეთის“ პროექტი ჩავარდა; თავად ელცინმა მემკვიდრედ დატოვა ვლადიმირ პუტინი, ვინც რუსეთი ნეოიმპერიალისტურ დიქტატურად და დასავლეთის მტრად აქცია.

რა არის მითის ალტერნატივა?

„ორი რუსეთის“ მითი უკუვაგდეთ, მაგრამ სიმართლე რა არის? „ყველა რუსი თანაბრად ცუდია“ (საქართველოს მიმართ მაინც), ამიტომ ჩვენთვის სულერთია, ვინ იქნება რუსეთის სათავეში? თუ რუსეთში არსებობს ძალა, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა უნდა გვერჩივნოს?

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ,  როგორც ეს პოლიტიკურ მითებს ახასიათებს, „ორი რუსეთის“ ხედვაც სიმართლის რაღაც ელემენტს შეიცავდა. თუ დღეს პუტინი რეალურად აკონტროლებს ძალაუფლების ბერკეტებს, ელცინის დროს ერთიანი ცენტრი ფაქტობრივად არ არსებობდა; სხვადასხვა უწყებას თუ პოლიტიკურ დაჯგუფებას განსხვავებული დღის წესრიგი და პრიორიტეტები ჰქონდა, მათ შორის რუსეთის სამეზობლოში. ხშირად ისინი ერთმანეთისგან და პრეზიდენტისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. ამ დაჯგუფებების, მათი ინტერესების და გავლენის სფეროების აღწერა რუსეთის იმდროინდელი მკვლევრების საყვარელი საქმიანობა გახდა.

ეს შეგვეძლო დაგვენახა, როგორც გავლენებისთვის ბრძოლა სუსტი მმართველის კარზე; მაგრამ მას სტრატეგიული და ღირებულებითი მდგენელიც ჰქონდა. შედარებით უფრო პროდემოკრატიული და პროდასავლური ძალები რუსეთში მართლაც არსებობდა და ისინი უფრო ელცინის პიროვნებაზე იყვნენ ორიენტირებული. დროის ეს მონაკვეთი რუსეთის ისტორიაში ყველაზე დემოკრატიულ პერიოდად დარჩა - რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ის ნამდვილად დემოკრატიული არც მაშინ ყოფილა (გარდა იმისა, რომ რუსების მეხსიერებაში ელცინის მმართველობა კრიმინალის თარეშთან, მძარცველობით პრივატიზაციასთან და საყოველთაო კორუფციასთანაა ასოცირებული).

ასეთ პირობებში ყველა, ვისაც ამ ქვეყანასთან საქმე ჰქონდა (მათ შორის საქართველოც) ბუნებრივად ეცდებოდა, ამ ქვეყანაში ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრს შორის წინააღმდეგობა სათავისოდ გამოეყენებინა და ისეთ ძალებთან გამოენახა საერთო ენა, ვისი პოზიციაც მისთვის უფრო მომგებიანი იყო.

მთავარია, ამ დროს თვითონ არ გაიხლართო პოლიტიკურ მითებში და რეალობის შეგრძნება არ დაკარგო. უნდა იცოდე, კონკრეტულად სად შეიძლება გადაიკვეთოს შენი და შენი შერჩეული პარტნიორის ინტერესები და სად დაშორდებით ერთმანეთს. როგორც ვიცით, პოლიტიკაში უპირობო მეგობრები არ არსებობს, შედარებით მყარი მხოლოდ ინტერესებია. ზოგადად, შევარდნაძე არ ცდებოდა, როცა ომის დროს რუსეთთან ქვეყნისთვის სასარგებლო შეთანხმების მიღწევას ცდილობდა - პატარა და სუსტ ქვეყნებს ასეთ შემთხვევებში სხვა გამოსავალი არა აქვთ; პრობლემა ის იყო, რომ მის უკან სახელმწიფო და ჯარი არ იდგა და ის ზედმეტად იყო დამოკიდებული ელცინის რუსეთის კეთილ ნებაზე. სისუსტის პოზიციიდან ლაპარაკი წარუმატებლობისთვისაა განწირული.

რატომ უნდა გვერჩივნოს რუსი დემოკრატები რუს დიქტატორებს?

საკმარისი გამოცდილება მივიღეთ, რომ ვიცოდეთ: არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ რუსეთის თუნდაც შედარებით დემოკრატიული ძალები აუცილებლად დაუჭერენ მხარს საქართველოს რეალურ სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გორბაჩოვ-ელცინის პერიოდის რუს პროდასავლელ დემოკრატებს სულაც არ გახარებიათ საბჭოთა კავშირის დაშლა, ხოლო საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებში ხშირად სეპარატისტების მხარეს თანაუგრძნობდნენ. თუ ხვალ რუსეთში შედარებით უფრო დემოკრატიული ხელისუფლება მოვიდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის ბოდიშს მოიხდის, მათ „დაგვიბრუნებს“ და ბრიუსელში წერილებს აფრენს, საქართველოს ნატოში მიღების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვსო. ნებისმიერი მთავრობა, განსაკუთრებით კი დემოკრატიული, ცდილობს ისეთი რამეები აკეთოს, რაც მის პოპულარობას გაზრდის. ძნელი წარმოსადგენია, მოხილვად მომავალში რუსეთის მოსახლეობის განწყობა ისე შეიცვალოს, რომ აღწერილ ნაბიჯებს მხარი დაუჭიროს.

მიუხედავად ამისა, თუ რეალურად დამოუკიდებელი, უსაფრთხო და ძლიერი საქართველო გვინდა, ბუნებრივი და სწორია, როგორც წესი, რუსეთში შედარებით დემოკრატიული ძალების წარმატება გვერჩივნოს ანტიდასავლელი ავტორიტარების დომინირებას.

ბოლო ორი აბზაცი, ერთი შეხედვით, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მაგრამ რეალური პოლიტიკა აბსოლუტური კატეგორიებით არ მუშაობს: აქ არსებობს მხოლოდ შედარებით უკეთესი ან, ხშირად, ნაკლებ უარესი; უკეთესობის შანსი, მაგრამ არა გარანტია.  

დემოკრატი რუსები მხოლოდ ღირებულებითი სოლიდარობის გამო არ უნდა გვერჩივნოს (თუმცა ამ ფაქტორსაც ვერ გამოვრიცხავთ). ეს, უპირველეს ყოვლისა, პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ისევ გავიხსენოთ „პერესტროიკის“ეპოქა: არც გორბაჩოვს და  არც ელცინს საბჭოთა კავშირის დაშლა, მაშასადამე, საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდოდა. მაგრამ ობიექტურად, საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ მათი პოლიტიკის შედეგი იყო: გორბაჩოვმა მას ნიადაგი მოუმზადა, ელცინმა კი საბჭოთა კავშირის დაშლას ხელი საბოლოოდ მოაწერა. რატომ გააკეთა ეს მან, თუ მისი დაშლა არ უნდოდა? იმიტომ, რომ სხვა პრიორიტეტები ჰქონდა. რუსეთში დემოკრატიულმა ძვრებმა ხელი შეუწყო პროცესებს, რომლებმაც, ძალაუნებურად, იმპერიის შენარჩუნება შეუძლებელი გახადეს.

ალექსეი ნავალნი სხვა შემთხვევაა და სხვა ეპოქას განეკუთვნება. ის რუსი ნაციონალისტი და პოპულისტია. ამის გარეშე, ის რუსეთში ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ვერ გახდებოდა, როგორიც არის. ძნელი განსაჭვრეტია, ჩვენ მიმართ როგორ პოლიტიკას გაატარებს, თუ ხელისუფლებაში მოვა (რაც თავისთავად მეტად სათუო პერსპექტივაა), მაგრამ გულუბრყვილონი ვიქნებით, თუ ვიფიქრებთ, რომ ის ჩვენთვის მთლად მოსაწონი იქნება.

ეს ვარაუდები ხელს არ უნდა გვიშლიდეს იმაში, რომ დღეს მის მხარეზე ვიყოთ, რადგან ნავალნის რუსეთი პუტინის რუსეთთან შედარებით ჩვენთვის ნაკლებ სახიფათოა. შეიძლება ვიდავოთ, რეალურად რამდენად ასუსტებს ის პუტინის რეჟიმს - მაგრამ, თუ ვინმე დღეს მას ასე თუ ისე ეფექტიანად ებრძვის, ისევ ნავალნია. თუკი არსებობს ამ რეჟიმის შერყევის შანსი, ეს ჩვენთვის (და არა მარტო ჩვენთვის) კარგია.

ეს ორი ფიგურა ზოგადად რომ შევადაროთ, ნავალნი უფრო ნაციონალისტია, პუტინი კი - უფრო იმპერიალისტი. ნავალნის პათოსი უფრო ისაა, რომ  რუსეთს რუსი ხალხი აკონტროლებდეს, ხოლო პუტინისა - ის, რომ რუსეთი თავისი სამეზობლოს ბატონ-პატრონი იყოს და დასავლეთს სადაც კი შეძლებს, პრობლემებს უჩენდეს. პუტინის პოლიტიკური იდენტობა მთლიანად გადაება რუსეთის იმპერიული სიდიადის აღდგენის პროექტს; ნავალნი უბრალო რუსების დამცველია კორუმპირებულ ელიტებთან ბრძოლაში. პუტინი რომ მეტისმეტად სახიფათოა ჩვენთვის, კარგად ვიცით; ნავალნის რიტორიკიდან ჩვენთვის რაიმე საფრთხე ჯერჯერობით არ გამომდინარეობს. თუ ქართველებზე ან ზოგადად კავკასიელებზე რამეს აგდებულად იტყვის და ამით ქულებს ჩაიწერს, არ მოგვეწონება, მაგრამ ჩვენზე არაფრით აისახება.

სათაურში დასმულ რიტორიკულ კითხვას რომ დავუბრუნდე, ნავალნი არც უნდა გვიყვარდეს და არც უნდა გვძულდეს. პოლიტიკა რომანტიკული გრძნობების ასპარეზი არ არის. ნავალნის შეუპოვრობა პირადად ჩემში პატივისცემას აღძრავს, მაგრამ ეს სუბიექტური განწყობაა. უნდა ამოვიდეთ იქიდან, რაც ჩვენს ინტერესებშია და ზედმეტი იმედები არ გვქონდეს.

კომენტარები