ალექსეი ნავალნი

ვნუკოვის აეროპორტი დახურეს, ნავალნის თვითმფრინავი შერემეტიევოს აეროპორტში დაჯდება

მოსკოვში, ვნუკოვის საერთაშორისო აეროპორტი ჩამომსვლელი ფრენებისთვის დახურეს. ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი, რომელიც ვნუკოვის აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, შერემეტიევოს აეროპორტისკენ გაემართა. ოფიციალური ინფორმაციით აეროპორტი ტექნიკური მიზეზებით დაიხურა.

ალექსეი ნავალნი რუსეთში ბერლინიდან ბრუნდება. მისი რეისი ვნუკოვის აეროპორტში მოსკოვის დროით 19:20 წუთზე უნდა დამჯდარიყო.

ნავალნის დასახვედრად შეგროვებულ მხარდამჭერებს სამართალდამცველები აკავებენ. აეროპორტის ტერიტორიაზე მობილიზებული არიან დიდი რაოდენობით პოლიციიის ძალები და სპეცდანიშნულების რაზმის, "ომონის" წევრები.

პოლიციამ დააკავა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადოვოკატი, ლიუბოვ სობოლი და ფონდის თანამშრომელი რუსლან შავედინოვი. დაკავებულებს შორის ასევე არიან ნავალნის თანაშემწე ილია პახომოვი, ანტიკორუფციული ფონდის შტაბის მენეჯერი ანასტასია კადეტოვა და იურისტი ალექსეი მოლოკოედოვი. პოლიციამ დააკავა აქტივისტი კონსტანტინ კოტოვი და Новая газета-ს ჟურნალისტი ვლად დოკშინიც. მედია VTimes-ის ინფორმაციით, დააკავეს ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგიც.

სამშობლოში დაბრუნებული ნავალნი, შესაძლოა, დააპატიმრონ. 12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალონ. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ამჟამად ალექსეი ნავალნის "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", არახელსაყრელი კონტრაქტი გაეფორმებინათ. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია "ანტიკორუფციულმა ფონდმა" პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად პოლიტიკოსმა საქმე დაუკავშირა თავისი მოწამვლის გამოძიებას. ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით აგვისტოში მოწამლეს. მოწამვლის ჟურნალისტურ გამოძიებაში თავად ოპოზიციონერი მონაწილეობდა.

კომენტარები