ალექსეი ნავალნი

აეროპორტში ნავალნის დასახვედრად მისული მისი თანამშრომლები დააკავეს

პოლიცია აკავებს ლიუბოვ სობოლს
МБХ медиа

ვნუკოვის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ალექსეი ნავალნის დასახვედრად მისული ანტიკორუფციული ფონდის ადოვოკატი ლიუბოვ სობოლი  და ფონდის თანამშრომელი რუსლან შავედინოვი. დაკავებულებს შორის არიან ნავალნის თანაშემწე ილია პახომოვი, ანტიკორუფციული ფონდის შტაბის მენეჯერი ანასტასია კადეტოვა და იურისტი ალექსეი მოლოკოედოვი. პოლიციამ დააკავა აქტივისტი კონსტანტინ კოტოვი და Новая газета-ს ჟურნალისტი ვლად დოკშინიც. მედია VTimes-ის ინფორმაციით,  დააკავეს ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგიც.

ალექსეი ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში ბრუნდება. მისი რეისი მოსკოვის დროით 19:20-ზე უნდა დაჯდეს. ვნუოკოვოს აეროპორტში მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიციის ძალები. 

რუსეთში დაბრუნების შესახებ ალექსეი ნავალნიმ 13 იანვარს გამოაცხადა. პოლიტიკოსის გუნდმა მხარდამჭერებს მოუწოდა, მას აეროპორტში დახვედროდნენ. ნავალნის აეროპორტში დახვედრას რამდენიმე ათასი ადამიანი აპირებდა, მათ შორის მისი მოწინააღმდეგეებიც. რუსმა პროკურორებმა ნავალნის მხარდამჭერები გაააფრთხილეს, რომ მას აეროპორტში არ დახვედროდნენ.

ვნუკოვოს აეროპორტმა ჟურნალისტებს ნავალნის ჩამოსვლის გაშუქება აუკრძალა. აეროპორტში მობილიზებულია პოლიცია და შენობაში შესვლა მხოლოდ ბილეთის მქონე მგზავრებს შეუძლიათ.

სამშობლოში დაბრუნებული ნავალნი, შესაძლოა, დააპატიმრონ. 12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ამჟამად ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდეი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, ის 2020 წლის 30 დეკემბერს იწურებოდა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა თაღლითობის მუხლით. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია "ანტიკორუფციულმა ფონდმა" პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად პოლიტიკოსმა საქმე დაუკავშირა თავისი მოწამვლის გამოძიებას. ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით აგვისტოში მოწამლეს. მოწამვლის ჟურნალისტურ გამოძიებაში თავად ოპოზიციონერი მონაწილეობდა.

 

კომენტარები