აშშ

აშშ-ს ჯანმრთელობის მდივანი, ალექს აზარი, თანამდებობას ტოვებს

ალექს აზარი
Mimic News

კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ აშშ-ს ჯანმრთელობის მდივანი, ალექს აზარი, თანამდებობას ტოვებს.

მისი განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და განსაკუთრებით, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქმედებებმა და რიტორიკამ ადმინისტრაციის მემკვიდრეობა შერყევის საფრთხის ქვეშ დააყენა.

მან გადადგომის შესახებ წერილი 12 იანვარს დაწერა და დასავლურ მედიაში მისი გადაწყვეტილება 15 იანვარს გამჟღავნდა. 

"კაპიტოლიუმზე თავდასხმა იყო თავდასხმა ჩვენს დემოკრატიასა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადასვლის ტრადიციაზე, რაც  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს პირველად მოუტანა" - წერს აზარი წერილში.

ის ტრამპს სთხოვს, რომ გააგრძელოს ძალადობის ნებისმიერი ფორმის დაგმობა, მოითხოვოს, რომ არავინ სცადოს დაგეგმილი ინაუგურაციისთვის ხელის შეშლა და გააგრძელოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მხარდაჭერა.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ის თავის მოვალეობებს შეასრულებს. მისი განცხადებით,  მისი უფლებამოსილება 20 იანვარს შეწყდება.

კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი თანამდებობიდან გადადგა, მათ შორის განათლების მდივანი ბეტსი დევოსი და ტრანსპორტის მდივანი ელეინ ჩაო.

კომენტარები