ტიკარაძე: იანვრის ბოლოს ვიმსჯელებთ, გაიხსნას თუ არა ტრანსპორტი და ბიზნესის სხვა სფეროები

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა თებერვლიდან რეგულაციებისა და შეზღუდვების შემცირებაზე. მისი თქმით, მიდის კონსულტაციები ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა საახალწლო პერიოდის მსგავსად მოხდეს სავაჭრო ცენტრებისა და მოლების კვლავ გახსნა.

"ამ პერიოდში ჩვენ ვაკვირდებოდით, რამდენად ეფექტურები ვიყავით ამ გახსნის პერიოდში და შევძელით აგვესრულებინა ყველა ის დადგენილი მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის შეკავებას და არ გავრცელებას. სავაჭრო ცენტრებში დავხვეწეთ ეს მიდგომები და გვაქვს მათთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ კიდევ მეტად უფრო დაცული გავხადოთ სავაჭრო ქსელი და გავხსნათ ეკონომიკის გახსნის პერიოდში პირველად სავაჭრო ქსელი. ამასთან დაკავშირებით ეს შეხვედრები გაგრძელდება". – თქვა ტიკარაძემ

მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მოლები, ხოლო გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და ეკონომიკის სხვა სფეროები, ამაზე იანვრის ბოლომდე გაგრძელდება მსჯელობა.

"პირველი თებერვლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ გაიხსენა სავაჭრო ქსელები და მოლები.  კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ და ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და თუ რომელი რეგულაცია იქნება უფრო ეფექტური". – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

ქვეყანაში სულ ინფიცირების 12 772 აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

13 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 243 255 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 227 611 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 846 კი გარდაიცვალა.

მეხუთე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

 

კომენტარები