ახალი წელი მსოფლიოში

რა გავლენა იქონია პანდემიამ საახალწლო ღონისძიებებზე სხვადასხვა ქვეყანაში [VIDEO]

ახალი წელი უკვე დადგა აზიის რამდენიმე ქვეყანაში. ავსტრალიაში, სიდნეიში, ტრადიციული ფოიერევერკების შოუ წარმატებით ჩატარდა, თუმცა მოსახლეობას სანახაობისთვის ქალაქის პორტში შეკრება აკრძალული ჰქონდა.

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაუქმდა ყოველწლიური სინათლის შოუ. სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებების მასშტაბები მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. თუმცა უხანში, საიდანაც სავარაუდოდ კორონავირუსი გავრცელდა, ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა ახალი წელი ჰაერში ბუშტების გაშვებით აღენიშნათ.

ახალი წლის აღნიშვნა უჰანში, ჩინეთში

იაპონიაში გაუქმდა ყოველწლიური საახალწლო ღონისძიება, რომელზეც იმპერატორი ნარუჰიტო და იაპონიის საიმპერატორო ოჯახი მოსახლეობას ახალ წელის დადგომას ულოცავენ. 

კომენდანტის საათმა და კარანტინმა შეუშალა ხელი ინდოეთის სხვადასხვა ქალაქებში ახალი წლის ხალხმრავალ აღნიშვნას.

ახალ ზელანდიაში კი, სადაც სხვადასხვა რეგულაციების შედეგად კორონავირუსის გავრცელება მინიმუმამდე დავიდა, ახალი წელი ჩვეულებრივად აღნიშნეს.

დღესასწაულის მიუხედავად შეზღუდვები განსაკუთრებით მკაცრია ევროპაში. საფრანგეთში 100 000 პოლიციელია მობილიზებული, რათა ხელი შეუშალონ ხალხმრავალი საახალწლო ღონისძიებების ჩატარებას და გაამკაცრონ ქუჩებში კონტროლი კომენდანტის საათის დროს.

დიდ ბრიტანეთში პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას მოუწოდა, დამორჩილებოდნენ რეგულაციებს და ახალი წელი სახლში აღენიშნათ. რეგულაციები გამკაცრდა ირლანდიაში, სადაც სტუმრად სიარული და სახლიდან 5 კმ რადიუსის უფრო შორ მანძილზე გადაადგილება აიკრძალა.

საყოველთაო კარანტინი გერმანიაში 10 იანვრამდე გაგრძელდება. ქვეყანაში ფოიერვერკების გაყიდვა აიკრძალა და შეიზღუდა საჯარო სივრცეში ადამიანების შეკრება.

იტალიაში კომენდანტის საათი შემოიღეს, რომელიც 22:00 საათიდან მოქმედებს. ბარები, რესტორნები და მაღაზიათა უმეტესობა დახურულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაპი ფრანცისკე საახალწლო წირვას არ გაუძღვება.

ნიდერლანდებში კარანტინი 19 იანვრამდე გაგრძელდება. ახალი წლის დადგომამდე დროის ტრადიცული ათვლა ამსტერდამში დახურულ სტადიონზე დაიწყება.

თაიმს სკვერი, ნიუ-იორკი,აშშ

აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის სან-ფრანცისკოსა და ლას-ვეგასში ფოირევერკების შოუ გაუქმდა. ნიო-იორკში ტაიმს სკვერზე ტრადიციულად დაიწყება ახალი წლის დადგომამდე დარჩენილი დროის ათვლა, თუმცა მოედანი მნახველებისთის დახურული იქნება.

 

კომენტარები