არჩევნები 2020

გრიგოლ ვაშაძე: ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე, სამწუხაროდ, კომპრომისი არ ჩანს

გრიგოლ ვაშაძე

"ჩვენს მთავარ მოთხოვნებზე, სამწუხაროდ, კომპრომისი არ ჩანს". – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა. 

"არის მთავარი საკითხი, რომელზეც უნდა ილაპარაკო, მაგრამ არის აგრეთვე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მთავარი საკითხის გარეშე ვერ გადაწყდება". – ამბობს ვაშაძე.  

რაც შეეხება მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს, ვაშაძე ამბობს, რომ "ელჩები დღეს საღამოს დაუკავშირდებიან". მისივე თქმით, მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არსებობს და "მოლაპარაკებები თუ არ შედგა, ჩვენი სახელმწიფო ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდება". 

დღეს, 7 დეკემბერს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართა. როგორც ოპოზიციური ლიდერები აქამდე ამბობდნენ, "ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა" და მოლაპარაკებების ამ რაუნდზე სწორედ ისინი უნდა გამოვიდნენ შემხვედრი წინადადებით. 

4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. 

ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები