არჩევნები 2020

ვაშაძე: აღარ უნდა მივრბოდეთ მოკავშირეებთან და ვეხვეწებოდეთ, ერთმანეთს დაგვალაპარაკონ

ინტერპრესნიუსი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ისწავლონ.

"აღარ უნდა მივრბოდეთ ქართველები ჩვენი მთავარი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ვეხვეწებოდეთ მათ ხელმძღვანელებს, რამენაირად ერთმანეთთან დაგვალაპარაკონ, იმიტომ რომ ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით. კატასტროფაა ეს უკვე. სასოწარკვეთაა ეს საქართველოს მოქალაქეში, სასოწარკვეთა არის ჩვენს მთავარ მოკავშირეებში და სასოწარკვეთა არის პერსპექტივაში, იმ მოქალაქეებში, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმოუდგენია". – აცხადებს ვაშაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

კითხვაზე, თუ რა არის ამ მდგომარეობიდან გამოსავალი, ვაშაძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე გამოსავალია დიალოგი, საპროტესტო აქციების ფონზე. 

"გამოსავალი დღესდღეობით, ამ ეტაპზე კი არის შემდეგი - საპროტესტო აქციების გაგრძელება, რომ ხელისუფლებამდე მივიდეს საქართველოს მოქალაქის სრულიად კანონიერი, კონსტიტუციური და დასაბუთებული აღშფოთება, მაგრამ ასევე, არსებობს პოლიტიკური კომპონენტი, რომელსაც ჰქვია დიალოგი. ვცადოთ, თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს მოლაპარაკებები დამთავრდება წარმატებით თუ წარუმატებლად. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს". – აცხადებს ვაშაძე. 

კითხვაზე, თუ როგორ იზომება რადიკალურად განსხვავებულ ძალებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულება, ვაშაძე პასუხობს, რომ ზუსტი რეცეპტი არ აქვს, თუმცა, "იზომება ისეთი ხელისუფლებისა და პარლამენტის შექმნით, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს იმ აღშფოთებული ადამიანების აზრს, რომლებიც დღეს ქუჩაში გარეთ დგანან და ელოდებიან, რომ მათ ხმას ვინმე გაიგებს".

კომენტარები