საქართველოს მოქალაქემ ვარშავაში კაცი თავდამსხმელებისგან გადაარჩინა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს მოქალაქემ ახალგაზრდა კაცი თავდამსხმელებისგან გადაარჩინა. პოლონეთში საქართველოს ელჩის ილია დარჩიაშვილის ცნობით, ნუკრი დავითაშვილს პოლონეთის პოლიციამ გაბედული სამოქალაქო საქციელისთვის მადლობა გადაუხადა.

“ამ ახალგაზრდა ქართველმა უპრეცედენტო სიმამაცე გამოიჩინა და ქუჩაში კაცი აგრესიული თავდამსხმელებისგან იხსნა”, – დაწერა საქართველოს ელჩმა Twitter-ზე. 

პოლონური მედიის ინფორმაციით, 20 წლის კაცს ორი პირი დაესხა თავს ვარშავის ცენტრში დაახლოებით ორი კვირის წინ - ისინი ფულის წართმევას ცდილობდნენ. ყოფილმა სპორტსმენმა ნუკრი დავითაშვილმა შემთხვევის ადგილზე მანქანით ჩაიარა. ის ავტომობილიდან გადმოვიდა. დავითაშვილი polsatnews-ს უყვება, რომ მან თავდამსხმელებს ჰკითხა, რას აკეთებდნენ.

"შემდეგ ისინი ჩემზე გადმოვიდნენ" - ამბობს დავითაშვილი და აღნიშნავს, რომ მისთვის თავდამსხმელების მოგერიება რთული არ ყოფილა.

"თავს გმირად არ ვგრძნობ, მოხარული ვარ, რომ დავეხმარე" - თქვა მან. 

პოლონური მედიის ცნობითვე, ორივე თავდამსხმელი დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მაკრატელი და სამზარეულოს დანა ამოიღო. დაკავებულები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. პოლიციამ თვითმხილველების გარდა, დაზარალებულიც დაკითხა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები