ნაციონალური მოძრაობა

ბოკუჩავა: ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს დაუკავშირდნენ და ყალბი მითითებები მისცეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გუშინ, 22 სექტემბერს ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში, საგარეჯოსა და გურჯაანში ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც ამბობდა, რომ გიორგი ნოზაძე იყო და მათ ყალბ ინსტრუქციებს აძლევდა.

"იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარის მითითებებით". – თქვა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.

ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ გიორგი ნოზაძე ყალბი იდენტობაა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საარჩევნო პროცესის საბოტაჟირების მიზნით შექმნა. 

"ჩვენ მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, რომ გამოიძიონ აღნიშნული საკითხი. 

ჩვენ გადავამოწმეთ ტელეფონის ნომერი და ირკვევა, რომ ეს ტელეფონის ნომერი რეგისტრირებული არ არის ვინმე გიორგი ნოზაძეზე, ის რეგისტრირებულია ალუდა ჯანხოთელზე, რომლის იდენტობა ასევე არ იძებნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სიაში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავად ეს ადამიანიც ატარებს ყალბ იდენტობას ან მას აქვს ვადაგასული პირადობაან სხვა ფორმით და ფალსიფიკაციით აქვს აღებული ის ნომერი, რომლიდანაც ხორციელდებოდა ზარები". – ამბობს თინა ბოკუჩავა.   

ბოკუჩავას თქმით, სუს-ის პროექტი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხორციელდება, რადგან, მისივე თქმით, ივანიშვილი ხედავს, რომ "ოცნება" 31 ოქტომბრის არჩევნებს აგებს. 

"რა თქმა უნდა, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა და ბიძინა ივანიშვილში მთავარი მეტოქე, ენმ კიდევ ერთხელ ხდება ფეიკ კამპანიის სამიზნე ქართული ოცნების სპეცსამსახურების მხრიდან". –ამბობს თინა ბოკუჩავა. 

კომენტარები