ჩეხეთი - ტაივანი

ჩეხეთის პარლამენტის სპიკერის ტაივანში დაგეგმილმა ვიზიტმა ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია

მილოს ვისტრცილი

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი, მილოს ვისტრცილი, აგვისტოს ბოლოს ტაივანს ეწვევა, რათა ვაჭრობის საკითხები განიხილონ. ამ ნაბიჯმა პეკინის გაბრაზება გამოიწვია, რადგან ტაივანს მის ნაწილად, ერთერთ პროვინციად მიიჩნევს და თვლის, რომ სახელმწიფო ვიზიტების გამართვის უფლება არ აქვს.

ჩეხეთი, მსოფლიოს სხვა უმეტესი ქვეყნის მსგავსად, ერთიანი ჩინეთის პრინციპს პატივს სცემს, თუმცა ამავდროულად, ტაივანთან არაოფიციალური ურთიერთობები აქვს.

"მსგავსი ქმედება ჩინეთის სუვერენიტეტსა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაში მნიშვნელოვანი ჩარევაა," - აცხადებს პრაღაში ჩინეთის საელჩო.

ჩინეთის მხარე ჩეხეთის ქმედებას საერთაშორისო ურთიერთობების საბაზისო ნორმებს მნიშვნელოვან დარღვევად აღიქვამს - "ეს ჩინეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის სამომავლო პოლიტიკურ ნიადაგს ძირს უთხრის".

ვისტრცილამდე ამ ვიზიტის განხორციელება მის წინამორბედს, იაროსლავ კუბერას, სურდა, თუმცა, ის 20 იანვარს მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა აპრილში განაცხადა, რომ ჩინეთის მუქარამ კუბერას უეცარი სიკვდილი გამოიწვია.

იანვარში ჩინეთის საელჩომ ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კუბერა ტაივანს ეწვეოდა, კონტინენტურ ჩინეთში ჩეხეთის კომპანიებს, მაგალითად, Volkswagen-ის დაქვემდებარებულ კომპანიას Skoda Auto-ს პრობლემები შეექმნებოდა.

ვისტრცილმა განაცხადა, რომ მას ბიზნესის განვითარებისა და ქვეყნის ადმაიანის უფლებების პოლიტიკის ტრადიცია ამოძრავებს.

"ჩვენ ან ჩვენ პრინციპებს დავიცავთ ან ხურდებს დავითვლით. მე ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვისკენ ვიხრები," - განაცხადა მან.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპიკერი, იაონე ოუ, ვისტრცილის ვიზიტს გულწრფელად მიესალმება.

მისი ვიზიტი, სავარაუდოდ, ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოს ზემანის, აღშფოთებასაც გამოიწვევს, რომელიც ჩინეთთან ურთიერთობის აგებას წლებია ცდილობს.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ტაივანის დემოკრატიულ პროგრესული პარტიიდან ცაი ინ-ვენი გახდა პრეზიდენტი, ჩინეთის დიპლომატიური წნეხის შედეგად, ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს. ტაივანს არაერთ ქვეყანასთან აქვს არაოფიციალური ურთიერთობები. შეერთებული შტატებს, სხვა უმეტესი ქვეყნის მსგავსად, ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, თუმცა აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას და მისი სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური პეკინისთვის წითელი ხაზია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2005 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ძალას გამოიყენებენ თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

კომენტარები