პოლიტიკური ბოიკოტი

ბაქრაძე: ვრჩებით პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში, სანამ შეთანხმების ორივე ნაწილი არ შესრულდება

დავით ბაქრაძე
ტაბულა

"სრულფასოვან მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმების შესრულების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ მივიღებთ", - ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, პარტია პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში რჩება. 

ბაქრაძე ამბობს, რომ პარტია წერტილოვნად, გამონაკლისის სახით მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში ყველა იმ საკითხის განსახილველად, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და რომელსაც გავლენა ექნება კორონავირუსის შედეგების აღმოფხვრაზე.

"ყველა პრაქტიკულ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, მზად ვიქნებით, აქტიურად ვიმუშაოთ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ, რათა არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება,  საკუთარ ჭკუაზე, ყოველგვარი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გარეშე, განკარგოს ის თანხები, რომელიც უნდა მოხმარდეს ჩვენი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას", - ამბობს ბაქრაძე.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი დროებით შეწყვიტა. პარტიის წევრმა რომან გოცირიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა ხელისუფლებას, დროულად აღადგინონ საპარლამენტო საქმიანობა ყველა ნორმის დაცვით. 

8 მარტს დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. საარჩევნო სისტემის ცვლილების გარდა, მხარეები ამ თემაზეც შეთანხმდნენ. 

კომენტარები