გიგი უგულავას საქმე

ბასილაია უგულავას საქმეზე: ივანიშვილი იმუქრება დაჭერებით, პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს

ტაბულა

"იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილი იმუქრება ახალი დაჭერებით, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმეები გაააქტიურეს და ახალი საქმეები შეთითხნეს, პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს," - ამბობს ევროპული საქართველოს გენერალური მდივანის გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასიალია.

გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო ხვალ 10 თებერვალს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადებს.

"სრულიად მოულოდნელად, ერთი წლის თავზე, ყოველგვარი ვადების დარღვევით, სასამართლომ ჩანიშნა განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ დაცვის მხარეს არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა არ ექნება. ამასთან, საქმეს იხილავს მოსამართლე შალვა თადუმაძე, რომელიც 2018 წელს, როდესაც ამ საქმის სააპელაციო განხილვა მიმდინარეობდა, და 2019 წელს, როდესაც ეს საქმე საკასაციო წესით წარიმართა უზენაეს სასამართლოში, იკავებდა გენერალური პროურორის თანამდებობას. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის მანძილზე მთავარი ბრალდმდებელი იყო ფაქტიურად ამ საქმის, ახლა გვევლინება მთავარ მოსამართლედ," - ამბობს ბასილაია.

დაცვის მხარეს მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების თაობაზე შუამდგომლობა აქვს დაყენებული.

გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა. 

უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა ოპოზიციის მწვავე პროტესტისა და აქცია-პიკეტების ფონზე განახლდა.

უგულავას დაცვის მხარე ეჭვობს, რომ 10 თებერვალს უზენაესი სასამართლო უგულავას თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის.

 

კომენტარები