ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ ეპისკოპოს იაკობის ნათქვამის საფუძველზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პარტია "პატრიარქის წინააღმდე შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულებისა და სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალიურ, სამოციქულო ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს". 

საქმე ეხება ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის განცხადებას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ტვ პირველის ეთერში საუბრის დროს თქვა, რომ რამდენიმე ყოფილი და დღეს მოქმედი მაღალჩინოსანი მას პატრიარქის გადაყენებაზე "ეჩალიჩებოდა". 

სამადაშვილმა 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სახელმწიფოს მიტაცება საკმარისი აღარ არის და მან ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის, ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევა და ძალადობრივი გზით პატრიარქის გადაყენება გადაწყვიტა. 

"სწორედ მისმა მანიპულირებამ, პროვოცირებამ და გარკვეულ მეუფეებთან არაჯანსაღმა ურთიერთობებმა მიიყვანა ეკლესია ამ მდგომარეობამდე, რასაც დღეს ვხედავთ,"- თქვა სამადაშვილმა. 

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც უწყება ეპისკოპოსის განცხადებების საფუძველზე გამოძიებას არ დაიწყებს. სამადაშვილის თქმით, პროკურატურის უარმა ამ ფაქტის რეალურობის შესახებ საზოგადოებაში არსებული ეჭვები გაამხარა. 

"პროკურატურამ განაცხადა, რომ [გიორგი] გახარიამ და ვახტანგ [გომელაურმა] უარყვეს შეხვედრის ფაქტი, რაც არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს დაცინვა,"- ამბობს სამადაშვილი. 

პარტია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლისა და საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე მოითხოვს, რომლებიც სახელმწიფოს ეკლესიის საქმეებში ჩაურევლობის შესახებ მკაცრ პრინციპს განსაზღვრავს. 

"კომისიამ უნდა შეისწავლოს:
• საქართველოს არაფორმალური მმართველის ივანიშვილის მხრიდან პატრიარქის გადაყენების მცდელობის ფაქტი;
• საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას, სხვა თანამდებობის პირების და სასულიერო პირების როლს ამ პროცესში,"- ამბობს სამადაშვილი. 

დეპუტატის თქმით, აუცილებელია ამ ფაქტის სათანადო გამოძიება და საზოგადოებისთვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება, რათა მომავალში მსგავსი ფაქტების განმეორება აღიკვეთოს და სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპი დაცული იყოს. 

სამადაშვილის თქმით, ოპოზიციას კომისიის შესაქმნელად საკუთარი ხმები არ ეყოფა. 

"საინტერესოა, მოიძებნება, თუ არა 50 პარლამენტის წევრი, რომელსაც სურს დაადგინოს, იგეგმებოდა, თუ არა, საქართველოს პატრიარქის გადაყენების მცდელობა კონსტიტუციური მართლწესრიგის დარღვევის გზით,"- თქვა სამადაშვილმა. 

26 ოქტომბერს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. ეპისკოპოსი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

მეორე დღეს მეუფე იაკობმა შენდობა მხოლოდ ლექსიკის გამო მოიხადა და თქვა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს. მან ქორეპისკოპოსის პოსტი დატოვა.

ეპისკოპოს იაკობის ნათქვამი უარყვეს როგორც გიორგი გახარიამ, ისე ვახტანგ გომელაურმა და გიორგი კვირიკაშვილმა. პროკურატურა მისი განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას არ აპირებს.

კომენტარები