სინოდის სხდომა

გახარია: არავის მივცემთ უფლებას, დესტრუქციული ქმედებით რისკის ქვეშ დააყენოს ხვალინდელი დღე

ანა გოჩაშვილი

"ის რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე," - პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა. გახარია ამბობს, რომ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ქვეყნის ხვალინდელ დღეს.

"ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ, სახელმწიფოსა და მთავრობასთან მიმართებაში. დღეს როგორც სჩანს გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა ეს არის დაუშვებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ სახელმწიფოში და ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით, რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე," - თქვა გახარიამ.

წმიდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა.

კომენტარები