შიმშილობა პარლამენტთან

ბასილაია: შიმშილობა შევწყვიტე, აქციებში აქტიურ მონაწილეობას გავაგრძელებ

თემო ჯანაშია

პარლმანეტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, რომლებიც 19 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტეს. 

ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე გუშინ შეუძლოდნენ გახდნენ და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭიროა. ბასიალაიას თქმით, ის აქციებში აქტიურ მონაწილეობას გააგრძელებს. 

„ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე სტაბილურია. რაც შეეხება გეგმებს, რამდენადაც ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, თუ სამედიცინო ჩარევა გახდებოდა საჭირო, მოგვიწევდა შიმშილობის შეწყვეტა, მაგრამ ჩვენ აქციებში აქტიურ მონაწილეობას არ შევწყვეტთ. პირადად მე, ამ ეტაპზე შიმშილობა შევწყვიტე, თუმცა როგორც ვიცი, შეკვეთილში პროტესტის უკიდურესი ფორმა გრძელდება  და სამწუხაროდ, მთვარობა კვლავ სირაქლემას პოზიციაშია,“ - თქვა ბასილაიამ რუსთავი ორთან საუბრისას. 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები უკვე 25 დღეა, გრძელდება. აქციის მონაწილეებს 3 მოთხოვნა ჰქონდათ: 

20 ივნისის ღამის დაკავებულების გათავისუფლება;

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და

გიორგი გახარიას გადადგომა. 

ამ ეტაპზე დაუკმაყოფილებელი მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნაა. 

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი უკვე 24 დღეა ითხოვს, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

კომენტარები