თიბისი ბანკის საქმე

26 თებერვალს პარლამენტში, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ, მამუკა ხაზარაძეც მივა

forbes.ge

26 თებერვალს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომას, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მივა, თიბისის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც დაესწრება. ამის შესახებ ხაზარაძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია. განცხადებიდანვე ცნობილი გახდა, რომ მან თიბისი ბანკი დატოვა.

"სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას. ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში",- წერს ხაზარაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში, თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ, ევროპულმა საქართველომ დაიბარა. უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე, კომიტეტის სხდომაზე მისვლა მამუკა ხაზარაძესაც შესთავაზა.

როგორც ეროვნულ ბანკში ტაბულას უთხრეს, "პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს და კომიტეტის სხდომაზე მივა". 

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს.

TBC-იმ თქვა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

დღეს თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა სადაც წერია, რომ ის ბანკიდან მიდის.

კომენტარები