ვანო მერაბიშვილი

მერაბიშვილი: არ მინდა თავი ვინმეს პირად პატიმრად ჩავთვალო, ასე დაბალ დონედ არ მიმაჩნია თავი

Reuters

ვანო მერაბიშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და "ქართული ოცნების" მხრიდან ანგარიშწორებაზე ისაუბრა.

"მთელი ხელისუფლება ეს არის პრაქტიკულად ერთი ადამიანი. მთელი ხელისუფლება სწორედ ერთ ადამიანს ემსახურება. თუმცა მე არ მინდა თავი ვინმეს პირად პატიმრად ჩავთვალო. მე ასე დაბალ დონედ არ მიმაჩნია თავი. ხელისუფლების ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად იზოლირებული ვიყო, რომ მათ არ შეექმნათ საფრთხე." - თქვა მან.

"საკუთარ თავზე განცხადების კეთება უხერხულია, თუმცა ჩემი მეგობრები ზოგი დარწმუნებულია და სხვებს ეჭვი აქვს, რომ სწორედ ამას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ამ დაავადების სიმპრომებისა არის ინტოქსიკაცია. სხვათაშორის, მე სიმპტომებს როდესაც მეუბნებიან, მეუბნებიან, რომ ამის გამომწვევი მიზეზი არის ინფექცია, რომელიც დადგენილი არ არის. მათი სიტყვები იწვევს გარკვეულ ეჭვს ჩემს მეგობრებში.

თუ ვიღაც ჩემს მოწამვლას აპირებდა, დარწმუნებული ვარ, რომ, მარტივი დარიშხანით ან საწამლავით არ მომწამლავენ, იმიტომ, რომ მისი სიმპტომები ადვილად დასადგენია. ალბათ საზოგადოებისთვის ცნობილია რამდენი საუბარი მიდის დღეს ნერვულ პარალიზებაზე თუ საწამლავზე და ა.შ. საერთოდ მსგავსი მოწამვლა თუ იქნებოდა, ამის დადგენა რთული იქნებოდა.

მაგალითისათვის, თუ გახსოვთ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იუშენკო როდესაც მოწამლეს, მიუხედავად იმისა, რომ მან მკურნალობა გაიარა მოწინავე კლინიკებში და დღემდე არ არის დადგენილი მოწამვლის საშუალება. მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია ის, რომ ვიცოდე რომ მე ხვალ მომწამლავენ, გამაფრთხილეს, ეს მე მაინც ვერ გამტეხავდა და მაინც არ შემაცვლევინებს ჩემს პრინციპებს და მაინც, ასე ვთქვათ, მე მსგავსი რაღაცებისთვის მზად ვარ. როდესაც ადამიანი ირჩევ აქტიურ პოლიტიკას და გარგუნა ბედმა, რომ იყო ლიდერებს შორის, მზად უნდა იყო ყველაფრისთვის." თქვა მან გავრცელებულ ვარაუდზე, რომ საპატიმროში ის მოწამლეს.

სამარტოო საგანში სასჯელის მოხდას ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკური ანგარიშწორება უწოდა:

"ეს არის ჩვეულებრივი ანგარიშსწორება, იმიტომ, რომ მათ იციან, მათ ძალიან ეშინიათ სერიოზული პოლიტიკოსების, რომელთაც აქვთ გამოცდილება. დღევანდელი ხელისუფლების მიზანი რა არის, რომ ვისგანაც საფრთხეს ხედავს, ის უნდა იყოს ან გაძევებული ქვეყნიდან ან უნდა იყოს იზოლირებული. ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ იმ ადამიანებისგან მოდის, ვისაც აქვს გარკვეული გამოცდილება. ამათ იციან, რომ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემს პრემიერ მინისტრობას, შინაგან საქმეთა მინისტრობას, მე ვიყავი 2003 წელს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი. ეს იყო ახალი შექმნილი პარტია, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა გამოცდილება მიღებული არჩევნებში, ის იყო პირველი არჩევნები, რომელსაც ატარებდა და 2003 წელს ამხელა წარმატებას მიაღწია. ადმინისტრაციული და საველე სამუშაოების მთავარი მამოძრავებელი ძალა მე ვიყავი. ამას მოჰყვა ვარდების რევოლუციის ორგანიზება და ეს ერთი და ორი დღის საქმე არ იყო.

"ქართულ ოცნებაში" ძირითადად მაშინდელი შევარდნაძისა და "ნაციონალური მძრაობიდან" ასე ვთქვათ "გადაბარგებული" ხალხია და მათ მშვენივრად იციან, რა საფრთხე შეიძლება იყოს ჩემი გარეთ ყოფნა და ჩემი არაიზოლირებულად ყოფნა. მთავარი "მიღწევა" ამათი არის ის, რომ მოახერხეს ჩემი არა მარტო პატიმრობაში ყოფნა, არამედ სრული იზოლირება. მაგალითად, ბოლო ორი წელიწადია არ მაქვს საშუალება ვუყურო რუსთავი 2-ს. ეს არის მიზანი და სიგნალი სხვებისთვის რომ ვინც "ჭკვიანურად" არ მოიქცევა, მასაც შეიძლება ასეთი საფრთხე ელოდეს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩემზე ეს სრულიად არ მოქმედებს და მე არ ვარ დეპრესიაში, განწყობილი ვარ საბრძოლოდ და თავს მორალურად მყარად ვგრძნობ." თქვა ვანო მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში 5 წელი და 5 თვეა იმყოფება. მას სასჯელის ვადა 2020 წლის თებერვალში ეწურება.

"ფორმალურად პრეზიდენტს რომ სურვილი ჰქონოდა შეწყალების, ამის პრობლემა არ ჰქონდა. მე ვერ წარმომიდგენია და არც ვთვლი, რომ ვიღაც ადამიანები უნდა დავაყენო ასეთი დარტყმის ქვეშ. მშვენივრად იცის მარგველაშვილმა, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა. ალბათ იმხელა ზეწოლებია ყველას მიმართ და მათ შორის მარგველაშვილის მიმართ რომ ვერ გაბედა საერთოდ კენჭი ეყარა, იმიტომ იცის რა სასტიკად ექცევა ეს ხელისუფლება, და როდესაც ხელისუფლებაზე ვლაპარაკობ ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ, ოპონენტებს. ალბათ, ვერ გარისკა. საერთოდ მე არ მიყვარს ადამიანების დაყენება დარტყმის ქვეშ ჩემს გამო." თქვა მან პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნაზე.

"მე მშვენივრად ვიცოდი, ადამიანები ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად დაჰყავდათ. როგორც იქცეოდნენ, ცალსახა იყო, რომ არანაირ სამართლიან სასამართლოზე საუბარი ზედმეტი იყო. მე რა თქმა უნდა დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში მაგრამ მთავარი მაინც იყო პრინციპი. ეს ჩემი თავისთვის და ჩემი სიამაყისთვის გავაკეთე, ჩემი შინაგანი რწმენიდან გამომდინარე. ამავე დროს მე არ მინდოდა რომ ჩემს გამო ჩემი მეგობრები უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოქცეულიყვნენ და ჩემს გამო შური ეძიათ სხვა ადამიანებზე. ჩავთვალე, რომ უნდა დავრჩენილიყავი და ჩემს თავზე ამეღო ბევრი ის დარტყმა, რომელსაც მოველოდი რომ მოხდებოდა." თქვა მან იმაზე საუბრისას, თუ რატომ არ დატოვა საქართველო.

"შეიძლება ციხის სინდრომიც არის, რომ ყველაფერი იმ სურათებში მეჩვენება, რაც იყო ჩემს დაპატიმრებამდე. სიმართლე გითხრათ ბოლომდე ვერ გავიაზრე და ვერ გავითავისე ის ფაქტი, ასე ვთქვათ რომელსაც აქვს ადგილი, რომ პარტია არის გაყოფილი. მე ჯერაც ისევ ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ნახოს საერთო ენა და საერთო ინტერესებისთვის იბრძოლოს საერთო მიზნის მისაღწევად. ამიტომ ჩემს მდგომარეობაში არჩევანზეც კი არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ მე ისინი ერთიანად და ჩემს მეგობრებად და თანამებრძლებად მიმაჩნია. მე ვერ ვყოფ ამ ადამიანებს. მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს ძალები იყვნენ ერთიანნი. მიხეილ სააკაშვილი და ყველა სხვა ის ადამიანი, რომელთაც მგონია, რომ ერთი და იგივე ფასეულობები გააჩნიათ და საბოლოო ჯამში ერთი მიზანი გააჩნიათ, იქნებიან ერთად და მე მინდა ისინი ერთად იყონ და ერთად იბრძოლონ საერთო მიზნების მისაღწევად. მე მინდა, რომ ჩემი მთელი ენერგია მოვახმარო საერთო ძალების გაერთიანებას და თუ შემდეგ შევხედავ, რომ ეს ვერ ხერხდება, მერე მივიღებ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით [გადაწყვეტილებას]." თქვა ვანო მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-მა ფარულ ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, მათი თქმით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.

კომენტარები