სამთავრობო ცვლილებები

უგულავა: ხალხს აინტერესებს - დაიზოგება თუ არა ფული ამ ცვლილებების შედეგად

გიგი უგულავა
ტაბულა

მთავრობაში მიმდინარე საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს ევროპული საქართველო საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა. პარტიის გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, ევროპული საქართველო ბიუროკრატიული მასის შემცირებას დიდი ხანია ითხოვს, რადგან ქვეყნის ეკონომიკის ერთერთ მამუხრუჭებელ ძალად ადმინისტრაციული და ბიოროკრატიული ხარჯები მიაჩნია. თუმცა, მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა წარადგინოს ბიუჯეტი, სადაც მკაფიოდ იქნება ასახული, ცვლილებების შედეგად, რამდენს დაზოგავს საქართველოს მოსახლეობა.

"მთავარი ინიდიკატორი ეს არის, ხალხს აინტერესებს - დაიზოგება თუ არა ფული ამ ცვლილებების შემდეგ. ნაკლები პრემია, დანამატი, ჯამაგირი, ჯილდო გაიცემა თუ არ გაიცემა, ეს არის საკითხი, რომელიც გვაინტერესებს ჩვენ და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას. ბიუჯეტი ჯერჯერობით არ სცემს პასუხს ამ კითხვას" - თქვა უგულავამ.

ევროპული საქართველო ასევე მიიჩნევს, რომ სტრუქტურული ცვლილებები საკმარისი არ იყო. გიგი უგულავას თქმით, მინიმუმ, სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანებაც შესაძლებელი იყო. მისი აზრით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს შიდა ძალთა გადაადგილება და შიდა სამთავრობო კონიუქტურა უფროა, ვიდრე რეალური ცვლილებები.

"საკადრო ნაწილშიც მთელი რიგი ცვლილებები აბსოლუტურად ვერ პასუხობს მინიმალურ სტანდარტსაც კი. დაწინაურდა და ძალაუფლება შეინარჩუნა იმ პირებმა, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ ბატონ ივანიშვილთან.

გიორგი გახარია, რომელიც ინიშნება შს მინისტრად, არ არის პოლიტიკური ფიგურა. ასევე, მას არც პოლიციასთან შეხება არ ჰქონია. ორი კრიტერიუმი შეიძლება არსებობდეს - პოლიტიკური წონა ან პროფესიული გამოცდილება. მას არც ერთი არ აქვს. მაგრამ ივანიშვილის ახლო თანამშრომელია ჯერ კიდევ მოსკოვიდან.

მამუკა ბახტაძე - ბოლო სამი წლის მანძილზე არის რკინიგზოს ხელმძღვანელი. ოფიციალური სტატისტიკით, რკინიგზის ტვირთბრუნვა და შემოსავლები შემცირებულია. ამავდროულად, საქართველოს რკინიგზამ მთავრობასთან ერთად ჩააგდო ის ტესტი, რომელიც ძალიან მნიშვნლოვანი იქნებოდა თბილისელებისთვის - ვგულისხმობ შემოვლით რკინიგზას. მისი ფინანსთა მინისტრად დანიშვნაც შეიძლება, იყოს განხილული როგორც შიდა კლანური გადაადგილება" - თქვა უგულავამ.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები