შვარცენეგერის ემოციური გზავინილი ტრამპს, ნეონაცისტებსა და მათ, ვინც ჩუმადაა

მსახიობი და კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის შარლოტსვილის მოვლენებზე აკეთებს კომენტარს. შვარცენეგერი დონალდ ტრამპს, ნეონაცისტებს და ამ საკითხზე ჩუმად მყოფ ადამიანებს მიმართავს.  


"ფანატიზმს ორი მხარე არ აქვს, ისევე, როგორც სიძულვილს. თუკი აირჩევ, რომ მოაწყო მარში დროშით, რომელიც ასოცირდება მილიონი ადამიანის სისხლის ღვრასთან, ორი მხარე არ არსებობს. სიძულვილის მაღალი, ბრაზიანი ხმის ჩასახშობად ერთადერთი გზაა უფრო ხმამაღლა, მაგრამ არგუმენტირებულად ლაპარაკი. რაც თქვენც გეხებათ, პრეზიდენტო ტრამპო. როგორც ამ დიდებული ქვეყნის პრეზიდენტს, თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა, რომ გაგზავნოთ ცხადი შეტყობინება, რომ თქვენ არ იდგებით სიძულვილისა და რასიზმის გვერდით. 

მომეცით უფლება, დაგიწეროთ პატარა სიტყვა: "როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და როგორც რესპუბლიკელი, მე უარვყოფ თეთრი რასის უპირატესობის მომხრეების იდეებს. ქვეყანაში, რომელმაც დაამარცხა ჰიტლერის არმია, ნაცისტური დროშების ადგილი არ არის. ლინკოლნის პარტია არ იდგება მათთან, ვინც წაგებული კონფედერაციის დროშას ატარებს". ძალიან რთული იყო? გეუბნებოდი. 

მე თქვენთვის გზავნილი მაქვს, ნეონაცისტებო - თქვენმა გმირებმა წააგეს. თქვენ წაგებულ საქმეს უჭერთ მხარს. დამიჯერეთ, მე ნამდვილ ნაცისტებთან მქონდა შეხება. მე 1947 წელს ავსტრიაში დავიბადე, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე. ჩემ ირგვლივ დასუსტებული ადამიანები იყვნენ. ომიდან დაბრუნებული ადამიანები შრაპნელებითა და სინანულით იყვნენ სავსენი, ადამიანები, რომლებიც წაგებულ იდეოლოგიაში მოტყუებით შეიყვანეს. შემიძლია გითხრათ - ის აჩრდილები, რომლებიც იდეალებად გყავთ, ცხოვრების დარჩენილ დღეებს სირცხვილში ატარებდნენ. და ზუსტად ახლა ისინი ჯოჯოხეთში არიან. 

მე ვიცი, რომ თქვენ არ დაბადებულხართ ამ სიძულვილით სავსე შეხედულებებით. არავინ იბადება, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არასდროსაა გვიან, რომ სწავლისა და განვითარების გზა აირჩიოთ და მიხვდეთ, რომ ყველა ადამიანს საერთო ღირებულება აქვს. თუკი მეტყვით "არნოლდ, მე უბრალოდ ვიყავი მარშზე, ნუ მეძახი ნაცისტს, მე არაფერი მაქვს მათთან საერთო", ცოტათი მოგეშველებით - ნუ იქნებით იმ ადამიანებთან, ვისაც ნაცისტური დროშები უკავია ხელში, ერთმანეთს ნაცისტურად ესალმებიან ან ნაცისტური სლოგანები აქვთ. წადი სახლში. ან უკეთესი, უთხარი მათ, რომ ცდებიან, როცა აღნიშნავენ იდეოლოგიას, რომელსაც მილიონობით ადამიანი მოკლა. მერე სახლში წადი. 

თქვენ ძალიან იღბლიანები ხართ, რომ ცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც გაძლევთ ყველა უფლებას, თქვათ საშინელი რამეები, მაგრამ იმაზე იფიქრეთ, როგორ შეგეძლოთ გამოგეყენებინათ ეს ძალა რაღაც კარგისთვის. და თქვენც, ვინც ხმა არ ამოიღეთ, ასევე უნდა განვითარდეთ. მე დიდი ხნის წინ ვისწავლე, რომ ერთადერთი გზა, რითიც სიძულვილის ჩახშობა შეგვიძლია, არის მათ პირისპირ დგომა. ცხადია, ეს ყოველთვის კომფორტული არ არის, მაგრამ სტერეოტიპები რასიზმზე, გენდერზე თუ სხვა რამეებზე, სიმსივნესავითაა. სიმსივნე რომ გქონდეთ და მშვიდად იყოთ იმის იმედით, რომ ნელნელა გაქრება. [ცენზურა] წყობიდან გამოიყვანდით ქიმიოთერაპიებით, ამოიჭრიდით და ყველა შესაძლო ექსპერიმენტულ მკურნალობას გამოიყენებდით, რომ გამქრალიყო. არაფრით განსხვავდება. ჩვენი ქვეყნისთვის ეს რთული პერიოდია, მაგრამ მე ვიცი, რომ თუკი გვეყოფა გამბედაობა, რომ რამე გავაკეთოთ ამის წინააღმდეგ, საბოლოოდ უფრო ძლიერები ვიქნებით. მე უკვე გადავრიცხე ფული საიმონ უიზენტალის ფონდში, რომელიც ნაცისტებთან მებრძოლი დიდებული ადამიანი იყო და მე გამიმართლა, რომ მას მეგობარს ვეძახდი. იმედი მაქვს, შემომიერთდებით იმით, რომ მხარს დაუჭერთ თქვენს ფავორიტ ანტისიძულვილის ორგანიზაციას. 

მოდით, წარსულის საშინელი აჩრდილები ისტორიის ნაგვსაყრელზე დავტოვოთ ყველამ. მათი ადგილი იქაა."

12 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებმა და ნეო-ნაცისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი გენერალი რობერტ ედვარდ ლის ქანდაკების აღების გეგმას აპროტესტებდნენ. რობერტ ედვარდ ლი ამერიკის სამოქალაქო ომში მონობის მომხრე, კონფედერაციული ძალების გენერალი იყო. ულტრანაციონალისტების მსვლელობის გასაპროტესტებლად კი ქუჩაში ანტი-რასისტული ჯგუფები გამოვიდნენ, რასაც მხარეებს შორის შეტაკება მოყვა. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა.

კომენტარები