ე.წ. ქურდი მიკროავტობუსის მძღოლს ფულს სძალავდა

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ზ.ბ. შპს "კაპიტალ გრუპის" კუთვნილი მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს თბილისში, ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობის სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას სისტემატურად, უკანონოდ სძალავდა. მიმდინარე წლის იანვარში, მოიჯარე მძღოლმა ზ.ბ.-ს თანხის მიცემა შეუწყვიტა, რის გამოც, დავის გადაწყვეტის მიზნით, ზ.ბ. ქურდული სამყაროს წევრს - რ.გ.-ს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

"ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 იანვარს რ.გ.-მ და ზ.ბ.-მ, სარგებლის მიღებისა და დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ე.წ. "ქურდული გარჩევა" მოაწყვეს, SKYPE-ის მეშვეობით დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს - ლ. ხ.-ს, რომელმაც მხარეების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ე.წ. "ქურდული კანონების" თანახმად, დაზარალებულ მძღოლს ზ.ბ.-სთვის კვლავ უნდა ეხადა გარკვეული თანხა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები