თავდაცვა

პრემიერი წითელაშვილზე: თუ იქნება საკმარისი მასალები, დაიწყება გამოძიება

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის გუშინ საღამოს ესაუბრა მთავარ პროკურორს, რომელმაც უთხრა, რომ პროკურატურას თავდაცვის სამინისტროდან ტრისტან წითელაშვილის სამხედრო ობიექტებზე ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. პრემიერი აღნიშნავს, რომ თუ საკმარისი მასალები იქნება, გამოძიება აუცილებლად დაიწყება. ამასთან, კვირიკაშვილს ჰგონია, რომ "ეს არის იმ კამპანიის გაგრძელება, როდესაც რაღაცას დაგაბრალებენ და მერე უნდა გასცე პასუხი".

"საღამოს მქონდა საუბარი გენერალურ პროკურორთან. ის აცხადებს, რომ თავდაცვის უწყებიდან ამასთან დაკავშირებით არცერთი მიმართვა არ მიუღიათ. რაც შეეხება თვითონ ამ საკითხს, მე, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. ჩვენ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას გავცეთ პასუხები, თუმცა არა იმ ადამიანებს, განსაკუთრებით, არა იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი გაუაზრებელი ქმედებით ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს. ამ შემთხვევაში, არ ვგულისხმობ სამხედროებს, ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. ამიტომ, თუ გამოსაძიებელი იქნება და თუ იქნება საკმარისი მასალა იმისათვის, რომ გამოძიება ჩატარდეს, რა თქმა უნდა, ეს ასე მოხდება. მაგრამ, როგორც მე მეჩვენება, ეს არის იმ კამპანიის გაგრძელება, როდესაც რაღაცას დაგაბრალებენ და მერე უნდა გასცე პასუხი. ამიტომ, ვნახოთ, როგორ იქნება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და მათზე კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო.

გენერალ გიგი კალანდაძის ინფორმაციით, საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ტრისტან წითელაშვილმა რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა. კალანდაძის მტკიცებით, წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა.

კომენტარები