აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტრამპი: მიგრანტების შესაჩერებლად საზღვარზე დიდ კედელს ავაშენებთ

Reuters

კლივლენდში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა დასრულდა. დონალდ ტრამპი, რომელიც პარტიამ კანდიდატად გუშინ წარადგინა, ფორმალურად პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობას დათანხმდა.

რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი მმართველობა მხოლოდ სიმართლეზე დაფუძნებული იქნება.

ტრამპისვე თქმით, ამერიკაში არსებული კრიზისული მდგომარეობა ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ბრალია, რომელზე პასუხისმგებელიც, მისი მოწინააღმდეგე, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იყო. მისი თქმით, კლინტონის 4-წლიანი მმართველობის შედეგი ის არის, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორიზმი მთელ რეგიონსა და მსოფლიოში გავრცელდა. ტრამპის თქმით, "სიკვდილი, ნგრევა, ტერორიზმი და სისუსტე. სწორედ ეს არის ჰილარი კლინტონის მემკვიდრეობა".

ტრამპის თქმით, მთავარი მიზანი მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, ტერორიზმისა და არალეგალური მიგრაციისგან თავდაცვაა. მიგრანტების კრიზისთან საბრძოლველად ტრამპი მოსახლეობას კედლის აშენებას ჰპირდება.

"სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ ემიგრაცია იმ ქვეყნებიდან, სადაც ტერორიზმია. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ იმ ადამიანებს შემოვუშვებთ, რომლებიც მხარს დაუჭერენ ჩვენს ღირებულებებს და რომლებსაც ეყვარებათ ამერიკელი ხალხი. საზღვარზე ავაშენებთ დიდ კედელს არალეგალური ემიგრაციის, მოძალადე დაჯგუფებებისა და ჩვენს მოსახლეობაში ნარკოტიკების შემოტანის შესაჩერებლად", - თქვა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები