სომხეთი

შეიარაღებული ჯგუფი ერევნის პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე რჩება

Sputnik

Sputnik-Armenia-ს ცნობით, ერევნის პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე რჩება შეიარაღებული ჯგუფი და 5 მძევალი, მათ შორის, ერევნისა და რესპუბლიკის პოლიციის უფროსის მოადგილეები.

პოლიციასა და შეიარაღებულ ჯგუფს შორის მოლაპარაკებები ისევ გრძელდება, თუმცა შეთანხმებას ვერ აღწევენ. ჯგუფის მოთხოვნები ასეთია: ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება და მთავრობის გადადგომა.

პოლიციის განყოფილებასთან მობილიზებულია სასწრაფოს მანქანები. ამას გარდა, შენობის ყველა მისადგომს პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს. მობილიზებულია ჯავშანტექნიკაც.

შეიარაღებულმა ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა გუშინ დილით აიღო. თავდასხმისას, მათ ერთი პოლიციელი მოკლეს, ორი კი - დაჭრეს.

კომენტარები