მარტინ ლუთერ კინგი

მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი) – არაძალადობის წინასწარმეტყველი საქართველოსთვის (ნაწილი II)

(ნაწილი II)

(იხილეთ პირველი ნაწილი)

1968 წლის 3 აპრილს კინგმა წარმოთქვა სიტყვა ნაგვის შემგროვებელთა გაფიცვის მხარდასაჭერად ტენესის შტატის ქალაქ მემფისში. მის სიტყვას ჰქვია „მე ვდგავარ მთის წვერზე“. ეს მისი ბოლო სიტყვა იყო. მეორე დღეს მისი სასტუმროს მეორე სართულის აივანზე კინგს ესროლეს და მოკლეს. კინგი მაშინ 39 წლისა იყო.

სიკვდილის წინა დღეს წარმოთქმულ სიტყვაში კინგმა განაცხადა, რომ ის „აღთქმულ ქვეყნამდე“ ვერ მიაღწევდა, მაგრამ მისი თანამედროვენი და მათი შთამომავლები ნახავდნენ მისი და მისი თანამოაზრეების შრომის შედეგს.

არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ხელისუფლებამ მოიშორა თავიდან. მაგრამ ამას ზუსტად მხოლოდ 2027 წელს გავიგებთ, როდესაც კინგის ცხოვრების შესახებ არსებული სახელმწიფო დოკუმენტების გამოქვეყნების დრო დადგება. მანამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ FBI ნამდვილად აშანტაჟებდა კინგს და მისი ექსტრამარიტული ურთიერთობების ამბის გამოყენებით უბიძგებდა, თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. ყოველ შემთხვევაში, კინგი ასე აღიქვამდა მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.

1983 წელს რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბრძანებით დაწესდა მარტინ ლუთერ კინგის ნაციონალური უქმე დღე, ყოველი იანვრის თვის მესამე ორშაბათი. მისი სახელი შეტანილია მრავალი დასავლური ეკლესიის ლიტურგიულ კალენდარში (ეპისკოპალების, ლუთერელების, ანგლიკანების). საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიაც ყოველ წელს იანვრის თვეში ლიტურგიულად აღნიშნავს მისი ხსენების დღეს. ამავე ეკლესიასთან არსებულ ლუკა მახარებლის სკოლაში დაწერილია მარტინ ლუთერ კინგის ხატი, რომელიც ლუკა მახარებლის კაპელაშია დაცული.

მისი ქანდაკებით დამშვენებულია ლონდონში ვესტმინსტერის სამეფო სააბატოს დასავლეთის ფასადი, ქრისტიანობის სხვა ცნობილი მოღვაწეების ქანდაკებების გვერდით. მის სახელს ატარებს ქუჩები აშშ-ის 730 ქალაქში.

მოდით ახლა ვნახოთ, რა გაკვეთილები შეიძლება ვისწავლოთ საქართველოში მარტინ ლუთერ კინგისაგან.

ბიბლია სიბნელის კლანჭებში

2013 წლის BAFTA-სა (ფილმისა და ტელევიზიის ბრიტანული აკადემიის) და ამერიკის კინოაკადემიის მიერ საუკეთესოდ აღიარებულ ფილმში ამერიკელი მონათმფლობელი, ედვინ ეპსი, რომლის როლსაც მაიკლ ფაზბენდერი ასრულებს, თავის მონებს იდეოლოგიურ გაკვეთილებს უტარებს ბიბლიით ხელში.

ეპსი ლუკას სახარების 12:47-ის კონტექსტიდან ოსტატურად ამოგლეჯს ფრაზას და ამაყად წაუკითხავს მის წინ ჩამწკრივებულ მონებს:
„ხოლო მონა, რომელმაც არ იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მრავალ მათრახს დაირტყამს“.

„გაიგეთ, რაც წავიკითხე?!“ კითხულობს ეპსი და მერე თავის ინტერპრეტაციას სთავაზობს იძულებით მოყრილ მონებს. „ზანგი, რომელიც არ დაემორჩილება თავის ბატონს, ‘მრავალ მათრახს დაირტყამს’... მრავალი კი ნიშნავს ძალიან ბევრს, ორმოცს, ასს, ასორმოცდაათ მათრახს...“
ამის შემდეგ ეპსი, იმის ნიშნად, რომ მის სამართალში ეჭვი არავის შეეპაროს, მაღლა შემართავს ბიბლიას და მრავლისმეტყველად აცხადებს:
„ამას ამბობს საღვთო წერილი!“
ამით თითქოს ამბობს: რა ვქნა, მე რა შუაში ვარ. ასე ამბობს საღვთო წერილი. ასეთი ულმობელია ღვთის განჩინება. ასევე ამბობდნენ თავის დროზე, როცა ქალების ემანსიპაციას ეწინააღმდეგებოდნენ, ასევე ამბობენ დღესაც, როცა ლგბტ თემის წარმომადგენლებს დისკრიმინაციულ პირობებში აყენებენ და უარს ეუბნებიან მათ მოქალაქეობრივ თავისუფლებაზე. მათი ლოგიკა ასეთია: რა ვქნათ, ჩვენ კი არ გვინდა ვინმეს დევნა, მაგრამ საღმრთო წერილსა და ტრადიაციას რა ვუყოთ?! ამას ისეთი რიხით ამბობენ, თითქოს ღმერთი და საღმრთო წერილი ვინმეს ტაბურეტით დევნას ითხოვდეს, ანდა ადამიანს ვინმეს განკითხვასა და განქიქებას ავალებდეს.

ისე, საკმარისია ადამიანმა მთლიანად წაიკითხოს ლუკას სახარების იგავი, რომლიდანაც ერთი მუხლი ამოგლიჯა ეპსმა, რომ მაშინვე მიხვდება: აქ მონების ინსტიტუტის რეგულაციაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ მაცხოვრის მოსვლის ესქატოლოგიურ მოლოდინზე.

ვინ მოსთვლის, ბიბლიის არსებობის მანძილზე, რამდენჯერ შეუმართავთ სიძულვილითა და ბოროტებით თვალებდავსილ ადამიანებს ბიბლია იმ სიბნელის გასამართლებლად, რომელსაც ისინი უჭერდნენ მხარს. „ამას ამბობს საღვთო წერილი“-ს ძახილით მილიონობით ადამიანია ფიზიკურად და სულიერად განადგურებული ჩვენს პლანატაზე. გარდა ამისა, ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი ალალმართალი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავენ სიძულვილით სავსე რელიგიური ადამიანები.

ამერიკელი მონათმფლობელები და მათი მხარდამჭერი თეოლოგები ბიბლიით ამართლებდნენ მონობას. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკის სამხრეთში უმსხვილესი მონათმფლობელები ბაპტისტი ღვთისმსახურები იყვნენ. მონობისადმი დამოკიდებულების გამო ამერიკის ბაპტისტურ ეკლესიებს შორის მოხდა სქიზმა. ისინი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კონვენციებად გაიყვნენ. ჩრდილოელები მონობას გმობდნენ, ხოლო სამხრეთელები მონობის ინსტიტუტს ღვთივკურთხეულად მოიაზრებდენენ და მის გასამართლებლად ბიბლიას იშველიებდნენ.
მონობის გასამართლებელ არგუმენტად მოჰყავდათ „ნოეს წყევლა“. ეს არ იყო ერთადერთი ბიბლიური არგუმენტი მონობის მხარდასაჭერად. არგუმენტი ბევრი იყო, მაგრამ მთავარი არგუმენტი იყო წყევლა.

დაბადების წიგნის მიხედვით, წარღვნის შემდეგ ნოე პირველი მეღვინე იყო. მან პირველმა დაწურა ყურძენი და დააყენა ღვინო. ასევე ნოე პირველი კაცი იყო, რომელმაც თავისი დაწურული ღვინო დააჭაშნიკა და მეტი მოუვიდა დალევა. ასევე პირველი იყო, ვისაც ღვინო მოერია და გაასულელა: დათვრა და გატიტვლდა. პირველი ლოთობის მსხვერპლი ნახა ქამმა და ეს ამბავი უამბო თავის ორ ძმას, სემსა და იაფეთს, რომლებიც მოვიდნენ გატიტვლებულ მამასთან და სამოსელი დააფარეს. ნოე რომ გამოფხიზლდა და გაიგო რაც თავს გადახდა, ადგა და ამ ქამს შვილი, ქანაანი, დაუწყევლა: „წყეულიმც იყოს ქანაანი! მსახურთა მსახური იყოს თავისი ძმებისათვის“.

ბიბლიის ტექსტი იმაზე არას ამბობს, რა დააშავა იმ საწყალმა ქამმა. ის მარტო იმას გვეუბნება, რომ მან ნახა გატიტვლებული მამამისი და ეს ძმებს უთხრა - ამის გამო, წესით, კაცი არ უნდა იმსახურებდეს წყევლას. ქამის ამბის მკითხველებს საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ უცდიათ ახსნა მოეძებნათ მისი სასჯელისთვის.

ჯონ ლედლი დაგი (1794–1884), ცნობილი ბაპტისტი მოაზროვნე და მონობის აპოლოგეტი, თვლიდა, რომ ნოეს წყევლა წინასწარმეტყველური დანიშნულებისაა და რომ აფრიკელების „მონობა არის იმ საიდუმლო ჩანაფიქრის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ღმერთი მართავს ამ სამყაროს“. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, ადამიანი „ფრთხილად უნდა იყოს, რომ თავისდაუნებლიეთ ამ ჩანაფიქრის წინააღმდეგ მებრძოლთა შორის არ აღმოჩნდეს“.

მარტინ ლუთერ კინგმა, საღვთო წერილის საფუძლიანი ცოდნისა და  მჭევრმეტყველების უბადლო ნიჭის მოშველიებით, ერთდროულად მიიტანა იერიში როგორც გაბატონებულ სოციალურ წესრიგზე, ისე რასობრივი სეგრეგაციის დასაცავად შეკოწიწებულ ბიბლიურ არგუმენტებზე.
კინგის მოღვაწეობის შემდეგ ამერიკელებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს. ამჟამად მათ აფროამერიკული წარმოშობის პრეზიდენტი ჰყავთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკა ანდა დანარჩენი მსოფლიო თავისუფალია რასიზმისაგან.

ჩემი ამერიკელი მეგობრებისაგან, რომლებიც ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობენ, მე ვიცი, რომ ზოგი კვლავ ფიქრობს, რომ რასები ერთმანეთისგან დაშორებული უნდა იყვნენ, ოღონდ ძალის გამოყენების გარეშე. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ მონობა ცუდი მოვლენა სულაც არ იყო, რადგან მონების შთამომავლები ახლა ბევრად უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე ხალხის უმეტესობა აფრიკის კონტინენტზე. რასიზმი ჯერაც არ არის ბოლომდე ამოძირკვული. მაგრამ ახლანდელი რასიზმი ეკონომიკური ფაქტორებით არის განპირობებული. მიუხედავად ყველაფრისა, ამერიკამ უზარმაზარი პროგრესი განიცადა ამ მიმართულებით. აქცეპტაციის ხარისხი ამ ქვეყანაში დრამატულად არის გაზრდილი მარტინ ლუთერ კინგის მოღვაწეობის შემდეგ. საბედნიეროდ, ბიბლიას ისე აღარავინ კითხულობს, როგორც წინათ კითხულობდნენ. ბევრი ადამიანი ხვდება, რომ შეუძლებელია ღმერთი გამოამწყვდიო, გნებავთ, ბიბლიაში, გნებავთ - სხვა რომელიმე საღმრთო წერილსა თუ რომელიმე რელიგიურ ტრადიციაში.

კინგის პირველი გაკვეთილი საქართველოსთვის

მე პირადად, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრება ბიბლიაზე მუშაობას შევალიე. ბიბლიის ჩემი პირველი მასწავლებელი ბებიაჩემი, მელანია კანდელაკი იყო, ნამდვილი ბიბლიის ქალი. ნიჩბელი მოჭიდავე რომ იყო, სანდრო კანდელაკი, იმისი ბიძაშვილი. არა მგონია, მას ბიბლიის გარდა სხვა ბევრი წიგნი ჰქონოდა წაკითხული. საერთოდაც წერა-კითხვა იმისთვის ისწავლა, რომ ბიბლია ეკითხა. მის ხელში გავიზარდე და მისგან მოვისმინე პირველად დაბადების წიგნის გმირების ამბავი, რომელსაც იგი საოცარი ქართულით მიყვებოდა. მაშინ ბიბლია აკრძალული წიგნი იყო, მაგრამ მელანია არავის ეპუებოდა, დადიოდა სოფლიდან სოფელში და ბიბლიას ასწავლიდა ყველას, ვისაც ეს აინტერესებდა. რომ გავიზარდე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, ბიბლიური ენების შესწავლას მივყავი ხელი, ებრაულს ნისან ბაბალიკაშვილი მასწავლიდა, ბერძნულს თინა გიორგობიანი. ბიბლიის ორიგინალებში კითხვა, თავიდან, ჩემი ჰობი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ილია მეორემ ბიბლიის მთარგმნელად მიმიწვია, ბიბლიის ტექსტების საფუძვლიანი სწავლა და მერე სწავლება პროფესიად მექცა. ისეთ გუნდში მუშაობა, რომლის წევრებიც ზურაბ კიკნაძე, ბაჩანა ბრეგვაძე, ჯემალ აჯიაშვილი და ნისან ბაბალიკაშვილი იყვნენ, ჩემთვის დიდი სკოლა იყო. ბიბლიასთან გატარებული წლების გამო, და იმის გამო, რომ მიყვარს ბიბლია და ბიბლიური სამყარო, ძალიან მტკივა გული, როცა ვხედავ, როგორ ახდენენ ჩვენში ბიბლიით მანიპულირებას და როგორ დევნიან ადამიანებს ბიბლიის ავტორიტეტის გამოყენებით.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენშიაც გამოიყენება ბიბლია და საღვთო გადმოცემა ადამიანების სხვადასხვა ჯგუფის დევნის გასამართლებლად. საღვთო წერილს ყველა თაობა განმარტავს თავისი დროის შუქზე. საღვთო წერილის შუასაუკუნეობრივი განმარტებები დღევანდელი დროებისთვის არ გამოდგება, რადგან იგი თავის დროზე იყო გათვლილი.

ცნობილ სპარსელ მისტიკოსს ჯალალედინ რუმს აქვს ერთი შესანიშნავი ნაწარმოები, რომელსაც არაბულად ჰქვია „ფიჰი მა ფიჰი“, რაც ქართულად შეიძლება ასე ითარგმნოს: „მასში არის ის, რაც მასშია“. ამ გაუგებარი ფრაზის ახსნა ის არის, რომ ადამიანი რამე ტექსტის ინტერპრეტაციას აკეთებს იმის მიხედვით, თუ მის გულში რა დევს. თუ ადამიანი გულბოროტია, რასაც კითხულობს, მასში გულბოროტებას ხედავს და გულბოროტ ინტერპრეტაციას აკეთებს. თუ ადამიანი გულკეთილია - გულკეთილ ინტერპრეტაციას აკეთებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე საღმრთო წერილი უჭირავს იმას, ვინც მონობას ამართლებს და იმას, ვინც მონობას გმობს; ვინც ქალების დისკრიმინაციას ითხოვს და ვინც მათი ემანსიპაციისთვის იბრძვის; ვინც ლგბტ თემის წარმომადგენლებს „კუპრის ტბაში ქშენანით“ ემუქრება და ვინც ღმერთის უსაზღვრო სიყვარულით ანუგეშებს მათ.

პანეკუმენური სოლიდარობა ანუ "ძალა ერთობაშია"

მარტინ ლუთერ კინგი თავის ბრძოლაში რასობრივი უთანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მარტო არ იდგა. მას გვერდში ედგა თანამოაზრეების ლაშქარი.

ამასწინათ ყატარის დედაქალაქ დოჰაში ვიზიტისას ინტერრელიგიური კონფერენციის მონაწილეებმა ამ ქალაქის ყველაზე დიდი და ახლადაშენებული მეჩეთი მოვინახულეთ. ერთად ვიყავით მუსლიმები, ქრისტიანები და ებრაელები. ღამის 11 საათი იქნებოდა, მეჩეთს რომ მივადექით. მეჩეთში, მომსახურე პერსონალის გარდა, აღარავინ იყო. ჩემი ახლადგაცნობილი ებრაელი რაბინები თავს მაინცდამაინც კომფორტულად ვერ გრძნობდნენ. თურმე სასტუმროდან გამოსვლისას დაცვის ხალხს მათთვის უთქვამს,  უსაფრთხოების გამო თქვენი ქიფები უნდა მოიხადოთო (ქიფა რელიგიური დანიშნულების პატარა ქუდია, რომელსაც ებრაელი მამაკაცები ატარებენ). რაბინები აშკარად შეწუხებულები ჩანდნენ ამის გამო, თანაც რაღაცნაირად დანაღვლიანებული. არც არის გასაკვირი. ქიფების მოხდის გამო დამცირებულად გრძნობდნენ თავს. ჩემთვის არავის უთქვამს თავსაბური მოიხადეო (მე კუნკულ-ბარტყული მეხურა). მათ უთხრეს.
მეჩეთი ყველას ძალიან მოგვეწონა. დიდი, მაგრამ ძალიან მყუდრო შენობაა. ლოცვა და მედიტაცია რომ გესიამოვნება იქ, ისეთი. მეჩეთიდან რომ გამოვედით, ერთმა რაბინმა მოულოდნელად მარტინ ლუთერ კინგზე ჩამოაგდო საუბარი.

„თქვენო მოწყალებავ“, მეუბნება რაბი კაპლანი, „მარტინ ლუთერ კინგის მაგალითი ჩემთვის ძალიან დიდი ნუგეშია“.
„რას გულისხმობთ, რაბი?“ ვკითხე ფაშფაშა რაბინს და ხელი მოვკიდე, რომ მეჩეთის წვიმით დასველებულ კიბეებზე ფეხი არ დასცურებოდა.
„იმას ვგულიხმობ, მეგობარო, რომ მარტინ ლუთერმა გვაჩვენა, თუ რამდენი რამ შეუძლია გააკეთოს ერთმა ადამიანმა, თუ ის ყოველთვის სიმართლეს ამბობს და გარს იკრებს თანამოაზრეებს“.

მარტინ ლუთერ კინგის ირგვლივ მართლაც ბევრი თანამოაზრე და მხარდამჭერი ტრიალებდა. მინდა რამდენიმე მათგანი საგანგებოდ გაგაცნოთ.

ებრაელი რაბინი

პირველი ეს არის რაბინი აბრაჰამ ჯოშუა ჰეშელი (1907-1979), ვარშავაში დაბადებული ებრაელი, ებრაული ეთიკისა და მისტიციზმის პროფესორი.
მარტინ ლუთერ კინგთან მისი მეგობრობის სიმბოლოდ იქცა მისი მონაწილეობა რასობრივი დისკრიმინაციის საპროტესტო მარშში ქალაქ სელმადან ქალაქ მონტგომერიმდე.
მარშის მიზეზი გახდა 1965 წლის 11 მარტს თეთრკანიანი უნიტარიელი პასტორის, ჯეიმს რიდის მკვლელობა, რომელიც, შავკანიანების მოძრაობისადმი თანადგომის გამო, კეტის ცემით მოკლეს მისმა თეთრკანიანმა თანამოძმეებმა.

ეს მარში ნამდვილ გაბედულებასა და მხნეობას მოითხოვდა მისი მონაწილეებისგან. აქ მარტინ ლუთერ კინგის გვერდში დადგნენ სხვადასხვა აღმსარებლობის წინამძღოლები და უბრალო ხალხი. გზადაგზა მარშის მონაწილეებს დასცინოდნენ, ლანძღავდნენ, აგინებდნენ.  ეს გზა სელმადან მონტგომერიმდე რაღაცნაირად ჯვრის გზას დაემსგავსა.

მოგვიანებით ჰეშელი სიამაყით იხსენებდა ამ პანეკუმენურ გზას და წერდა:
„როდესაც მე სელმას ქუჩებში მივაბიჯებდი, ჩემი ფეხები ლოცულობდნენ“.

მისი აზრით, ლოცვა და ლიტურგია უშუალოდ უნდა ყოფილიყო მიბმული ცხოვრებაზე. „ლოცვას აზრი არა აქვს“, წერდა ჰეშელი, „თუ ის ძირს არ უთხრის რამეს, თუ ის არ ცდილობს დააქციოს სისასტიკის, სიძულვილის, ოპორტუნიზმისა და სიყალბის პირამიდები. ლიტურგიული მოძრაობა უნდა გახდეს რევოლუციური მოძრაობა, რომლის მიზანიც იქნება იმ ძალების დამხობა, რომლებიც ანგრევენ აღთქმას, იმედსა და ხედვას“.

თავად მარტინ ლუთერ კინგი თვლიდა, რომ ჰეშელი იყო მათი დროის „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და მართლა დიდი წინასწარმეტყველი“.

ამ ორი წინასწარმეტყველის სიახლოვეს ალბათ ისიც განსაზღვრავდა, რომ ორივენი ბიბლიური პარადიგმებით ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ. ჩიკაგოში გამართულ რელიგიისა და რასების კონფერენციაზე, რომელშიც ორივენი იღებდნენ მონაწილეობას, ჰეშელმა შეკრებილებს გაახსენა, რომ პირველი კონფერენცია რელიგიასა და რასებზე გაიმართა ეგვიპტეში, სადაც მთავარი მონაწილეები იყვნენ მოსე და ფარაონი.
„ასე ბრძანებს უფალი, ისრაელის ღმერთი“, ეუბნება მოსე ფარაონს, „გაუშვი ჩემი ხალხი!“, რაზედაც ფარაონი პასუხობს: „ვინ არის უფალი, რომ ყური დავუგდო და გავუშვა ისრაელი“. ამით ჰეშელს იმის თქმა უნდოდა, რომ ის სამიტი ჯერაც არ დამთავრებულა და ფარაონი ჯერაც არ არის მზად, რომ თავისუფლება უბოძოს დატყვევებულებს.

მართლმადიდებელი მღვდელმთავარი

ამერიკელ მართლმადიდებლებს შორის არის აზრი, რომ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეპიზოდი იყო მთავარეპისკოპოს იაკოვოსის მონაწილეობა იმ რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ მიმართულ მარშში მარტინ ლუთერ კინგთან ერთად.

მთავარეპისკოპოსი იაკოვოსი, ერისკაცობაში დემეტრიოს კუკუძისი (1911-2005), ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი. იგი  დაბადებული იყო ოტომანთა იმპერიაში. მისი სულიერი მოძღვარი იყო  კონსტანტინოპოლის საყოველთაოდ ცნობილი პატრიარქი ათენაგორა. თეოლოგიური განათლება ხალკის თეოლოგიურ სემინარიაში ჰქონდა მიღებული. 15 წლის ბიჭი იყო, სემინარიაში რომ მიაბარეს.
ქალაქ სელმაში მის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში კარგად გამოჩნდა, თუ მისი სახით რამხელა საეკლესიო მოღვაწესთანა გვაქვს საქმე.

„ჩვენი ეკლესია არასდროს ყოყმანობდა ებრძოლა თუ არა, როდესაც გრძნობდა, რომ ეს საჭირო იყო კაცობრიობისთვის... არის დრო, როდესაც უნდა გავრისკოთ ყველაფერი, მათ შორის სიცოცხლეც, ისეთი ძირითადი ამერიკული იდეალებისთვის, როგორებიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და თანასწორობა, რომელთა გარეშეც ეს ქვეყანა ვერ გადარჩება“.

მოგვიანებით მთავარეპისკოპოსმა იაკოვოსმა განაცხადა, რომ ის მოვალე იყო ჩასულიყო ქალაქ სელმაში, რადგან „ქრისტიანმა განრისხებულმა უნდა იღრიალოს ყველა სახის დევნის წინააღმდეგ. ამან მაიძულა მე, მევლო მარტინ ლუთერ კინგთან ერთად სელმაში. [ამ საქმეში] ყველას გვაკისრია პასუხიმგებლობა და გავაგრძელოთ ამაზე ხმის ამოღება“.

კვაკერი გეი აქტივისტი

კაცი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მარტინ ლუთერ კინგის საქმიანობაზე, იყო ბაიარდ რუსტინი (1912-1987). რუსტინი იყო მისი მრჩეველი. ის არაძალადობრივი წინააღმდეგობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მქადაგებელი იყო და აქტიურად მონაწილეობდა ადამიანის თანასწორუფლებიანობისათვის მიმართულ მოძრაობაში.
რომ არა რუსტინი, შესაძლებელი იყო, მარტინ ლუთერ კინგის მოძრაობა გადაზრდილიყო ხელჩართულ ბრძოლაში თეთრებსა და შავებს შორის. რუსტინმა დაარწმუნა კინგი განდის არაძალადობრივი მეთოდის უპირატესობაში. როცა კინგმა მონტგომერის ავტობუსების ბოიკოტი დაიწყო, რუსტინის მიხედვით, მაშინ მას უარი ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნათქვამი ძალადობრივი მეთოდების გამოყენებაზე, „კინგი მაშინ თავს უფლებას აძლევდა, რომ თავისი თავი, თავისი შვილები და თავისი სახლი იარაღით დაეცვა“.

რუსტინმა მოახერხა დაერწმუნებინა კინგი, რომ ადამიანის ღირსებისათვის ბრძოლაში ძალადობის გამოყენება, თუნდაც ამას თავდაცვითი ხასიათი ჰქონოდა, გაუმართლებელი იყო. კინგის დარწმუნება ძნელი არ იყო, რადგან არაძალადობის ტემპლეიტს იგი კარგად ხედავდა იესოს მოძღვრებაში.

რუსტინის წვლილი სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლის საქმეში ძალიან დიდხანს ჩრდილში იყო მოქცეული, რუსტინის სექსუალური ორიენტაციის გამო. მასზე წერას და ლაპარაკს ერიდებოდნენ. მარტინ ლუთერ კინგსაც ძალიან კიცხავდნენ რუსტინთან ურთიერთობის გამო და აიძულებდნენ მასთან ურთიერთობა გაეწყვიტა.

სულ ახლახან, 2013 წლის 8 აგვისტოს, პრეზიდენტმა ობამამ რუსტინი, მისი სიკვდილიდან 26 წლის შემდეგ, თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.

მეორე გაკვეთილი საქართველოსთვის

მართალია, საქართველომ დამოუკიდებლობა ორი ათეული წლის წინათ მიიღო, მაგრამ, ეტყობა, ჩვენ კარგა ხანი დაგვჭირდება, ვიდრე გავთავისუფლდებით წარსულის სტერეოტიპების მონობისაგან. ამ საქმეში საჭირო იქნება ეკუმენური და პანეკუმენური სოლიდარობა, როცა უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ერთად იზრუნებენ სამართლიანობის დამყარებაზე. როცა ჭელის მინარეთის მოჭრაზე ხმას უმრავლესობის წარმომადგენლები და სხვა ქრისტიანები ამოიღებენ. როცა საინგილოში თუ სხვაგან ქრისტიანების შევიწროებაზე ქართველი მუსლიმები იტყვიან თავიანთ სათქმელს, როცა ადამიანის ღირსების დასაცავად ერთად დადგება ყველა რელიგიური და არარელიგიური ადამიანი, როცა სოციალური უსამართლობისა და უკეთურების წინააღმდეგ ერთად მოაწყობენ მარშს მართლმადიდებლები, ბაპტისტები, კათოლიკეები, სუნიტები, შიიტები, სალაფიტები, მორწმუნეები, ათეისტები და აგნოსტიკოსები. სკეპტიკოსები მეტყვიან „ეს საქართველოში არასოდეს მოხდება“. შეიძლება სადღეისოდ ასე ჩანდეს, მაგრამ მოდით „არასოდეს“-ს ნუ ვიტყვით.

დაუმორჩილებლობა და ბიბლია

მარტინ ლუთერ კინგი საღმრთო წერილში ეძებდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პრინციპის ლეგიტიმაციას და პოულობდა კიდეც. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ დაუმორჩილებლობა სამართლიანობის სახელით ნამდვილად ემსახურებოდა ღვთის ნებას.

კინგის აზრით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა „აშკარად მჟღავნდება შადრაქის, მეშაქისა და ყაბედნეგოს უარში, დამორჩილებოდნენ ნაბუქოდონოსორის კანონებს, როდესაც საქმე შეეხებოდა უფრო მაღალი მორალური კანონების დაცვას“. მისი აზრით, დაუმორჩილებლობის გზას ადგნენ ის ადრინდელი ქრისტიანებიც, რომლებიც რომის იმპერიის უსამართლო კანონების დაცვას სიკვდილს ამჯობინებდნენ.

შადრაქის, მეშაქისა და ყაბედნეგოს „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ ამბავი ჩაწერილია დანიელის წიგნში. სამი ებრაელი ახალგაზრდა, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორის კარზე იმყოფება, გადაწყვეტს, არ დაემორჩილოს მეფის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ყველამ თაყვანი უნდა სცეს მეფის მიერ აღმართულ კერპს. ურჩობის საზღაური უცილობელი სიკვდილია ცეცხლის ღუმელში. 

ეს სამი ებრაელ ყმაწვილი უარს ამბობს კერპის თაყვანისცემაზე, რადგან მათ არ შეუძლიათ თავიანთ ღმერთს უღალატონ. დაუმორჩილებლობისთვის სამივეს გათოკავენ და ცეცხლში ჩაყრიან. მაგრამ უცნაური რამ მოხდება: ჩაყრილი სამეულის გვერდით გაჩნდება მეოთხე არსება და ყმაწვილები სრულებით უვნებლები გამოვლენ ცეცხლიდან. ის კი არა, მათ ტანსაცმელს ნატისუსალიც კი არ ასდის - ღმერთმა ისინი გადაარჩინა გარდუვალი სიკვდილისაგან, მათი ერთგულება დაფასდა.

საინტერესოა, რომ ეს ბიბლიური სიუჟეტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ისეთ კონტექსტში, როდესაც ქრისტიანებს დევნაში უხდებოდათ ცხოვრება. რომში ადრექრისტიანულ კატაკომბებში შემონახულ კედლის მხატვრობაში (მაგალითად, პრიჩილას კატაკომბებში) სამი ყმაწვილის გადარჩენის ამბავს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. სამი ყმაწვილის ამბავი იყო იმედის ნარატივი, როგორც უსამართლოდ დევნილი ქრისტიანებისათვის რომის იმპერიაში, ისე კინგისათვის შეერთებულ შტატებში. ნარატივის დედააზრი ასეთია: პრინციპულობა უსამართლობასთან კონფრონტაციის დროს შედეგს იძლევა.

მესამე გაკვეთილი საქართველოსთვის

კონფორმიზმი სერიოზული საფრთხეა ჩვენი საზოგადოებისთვის. კონფორმიზმის გამო საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წასვლაც უცხო არ არის ჩვენთვის. ჩვენ გვეშლება, როცა გვგონია, რომ იმისათვის, რომ სოციალურ თუ პოლიტიკურ პრომოციას გამოვკრათ ხელი, დიდი ცოდვა არ არის იმის თქმა, რასაც არ ვფიქრობთ და იმის კეთება, რისი კეთებაც არ გვინდა. ეს არის ძალის მიმართ კაპიტულანტური დამოკიდებულება. „დათვი თუ მოგერია, ბაბაია დაუძახეო“ - ჩვენში ამბობენ. სამი ებრაელი ყმაწვილის ამბავი კი ამას გვასწავლის: დათვს ბაბაია არასდროს დაუძახო და, ღვთის შეწევნით, გამარჯვებას აუცილებლად იზეიმებ დათვზეც და დათვისთანებზეც. 

კანონიერება ყოველთვის არ ნიშნავს სამართლიანობას

მარტინ ლუთერ კინგი კარგად ხედავდა იმის საფრთხეს, რომ კანონიერება შეიძლება გახდეს უკანონობის წყარო. „არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერი, რაც ჰიტლერმა გააკეთა გერმანიაში, იყო კანონიერი“, აფრთხილებს ის მკითხველებს ბირმინგემის ციხიდან მოწერილ წერილში. კინგი აქვე ბუნებრივი კანონის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. ბუნებრივი კანონი კი იმას ნიშნავს, რომ სამართლიანი კანონები არ შეიძლება არ შეესაბამებოდნენ ღვთის კანონს. თავის დროზე იოანე ოქროპირიც (347-407) იმას წერდა, რომ „როცა ღმერთმა ადამიანი გააჩინა, მან მასში თავიდანვე ჩადო ბუნებრივი კანონი“.

კინგის მიხედვით, „სამართლიანი კანონი არის ადამიანის მიერ შექმნილი კოდექსი, რომელიც შესაბამისობაშია მორალურ კანონთან და ღვთის კანონთან“. ხოლო რაც შეეხება უსამართლო კანონს, მისი აზრით, ის არის „ადამიანური კანონი, რომელიც არ არის ფესვგადგმული მარადიულ კანონში და ბუნებრივ კანონში“. მერე თვითონვე განმარტავს, თუ როგორ უნდა განისაზღვროს - რომელი კანონია სამართლიანი და რომელი არა: „ნებისმიერი კანონი, რომელიც აღამაღლებს ადამიანის პიროვნებას, არის სამართლიანი“.

ეს ძალიან ჰგავს ანდალუზიელი მუსლიმი თეოლოგების დასკვნას, რომლის მიხედვითაც, „რაც კარგია ადამიანისთვის, ის კარგია ისლამისთვის“ და „რაც ცუდია ადამიანისთვის, ის ცუდია ისლამისთვის“. თუმცა მარტინ ლუთერ კინგის შთაგონების წყარო უნდა ვეძიოთ უფრო ახალ აღთქმაში, ვიდრე სხვაგან სადმე. იესო აქ ბრძანებს: „ადამიანი შაბათისთვის“, ანუ შაბათის კანონისათვის კი არ არის შექმნილი, „არამედ  შაბათია ადამიანისთვის შექმნილი“.

მეოთხე გაკვეთილი საქართველოსთვის

ის, რაც ჩვენში დაწესებული და დაკანონებულია, აუცილებელი არ არის, რომ სამართლიანი იყოს. ის ერი, რომელიც თავის მომავალზე ფიქრობს, წარსულის მონობიდან, უსამართლო წესებისა და დამოკიდებულებებისგან უნდა გათავისუფლდეს.

ცხადია, წარსულში არის ბევრი რამ ძვირფასი, რასაც მოფრთხილება და სათუთად შენახვა სჭირდება, მაგრამ არის ისიც, რისი თავიდან მოშორებაც არ უნდა დაგვენანოს: ქსენოფობიის, არმენოფობიის, ჰომოფობიის და ყველა ფობიის ნებისმიერი გამოვლინება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ თავიდან. თავიდან უნდა მოვიშოროთ ის კანონებიც, რომელიც ხელს გვიშლის განვვითარდეთ, როგორც თავისუფლების, მშვიდობისა და მრავალფეროვნების მოყვარე ერი.

„ექსტრემიზმი“ სიყვარულისათვის და სიმართლისათვის

მარტინ ლუთერ კინგს ხშირად აკრიტიკებდნენ მისი თანამედროვე ქრისტიანული ეკლესიებისა და სასულიერო წრეების წარმომადგენლები. მას ხშირად ექსტრემისტად მოიხსენიებდნენ მისი რადიკალური აზრებისა და ქმედების გამო.

„თავიდან“, წერდა კინგი, „იმედგაცრუებული ვიყავი, როცა ექსტრემისტის იარლიყი მომაკერეს, მაგრამ რომ დავფიქრდი, თანდათანობით გარკვეული კმაყოფილებაც კი ვიგრძენი ამ იარლიყის გამო. იესო ხომ ექსტრემისტი იყო სიყვარულის გამო: „გიყვარდეს შენი მტრები; დალოცე შენი მაწყევრები, სიკეთე გაუკეთე, ვისაც ეჯავრები; ილოცე მათთვის, ვინც გდევნით“. ამოსი ხომ ექსტრემისტი იყო სამართლიანობისთვის: „წყალივით იდინოს სამართალმა და სიმართლემ - მძლავრი დინებასავით... საქმე ის კი არ არის, ექსტრემისტები ვიქნებით თუ არა. საქმე ის არის, როგორი ექსტრემისტები ვიქნებით. სიყვარულისთვის ვიქნებით ექსტრემისტები თუ სიძულვილისთვის?“

ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში უხვად მოიძებნებიან ორივე სახის ექსტრემისტები - სიძულვილისა და სიყვარულის ექსტრემისტები.

სიყვარულის ექსტრემისტების თავისებურება ის არის, რომ მსგავსად მარტინ ლუთერ კინგისა, იუსტინე მარტირისა,  იოანე ოქროპირისა და სხვა მრავლისა, მათ მათი რწმენის გამო სდევნიან ეკლესიის გარეთაც და შიგნითაც. მათ ებრძვიან შინაურები და გარეულები იმის გამო, რომ ისინი ესარჩლებიან დაჩაგრულებს, ღარიბებს, საზოგადოებისაგან განაპირებულებს. მაგრამ დრომ უკვე გვაჩვენა, რომ საზოგადოების გარდაქმნაზე სასიკეთო გავლენას სწორედ ისეთი ადამიანები ახდენენ, რომლებიც თავიანთი თანამედროვეებისგან დევნას განიცდიან.

ხოლო რაც შეეხებათ სიძულვილის ექსტრემისტებს, ისინი მხოლოდ სიბრალულს იმსახურებენ. ისინი თავიანთ ცხოვრებას ალევენ იმას, რასაც მომავალი არა აქვს.

მეხუთე გაკვეთილი საქართველოსთვის

ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ჩვენი კულტურითა და ტრადიციით. ცხადია, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი კულტურა ქრისტიანული და ისლამური ცივილიზაციების ურთიერთობისა და თანამშრომლობის შედეგად არის ჩამოყალიბებული.

ქრისტიანობაში მთავარი თემაა სიყვარული, ისლამში - მოწყალება და შემწყნარებლობა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პრინციპების უზადო იმპლემენტაციით ვერც ქრისტიანები დავიკვეხნით და ვერც მუსლიმები.

მიუხედავად ამისა, ყველაფერი დაკარგული არ არის. არის შანსი, რომ ამ ორი დიდი ტრადიციის მატარებელმა თემებმა თავიანთი წვლილი შეიტანონ ადამიანის შესაძლებლობისა და ნიჭის გაფურჩქვნაში როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ჩვენი პლანეტის საკეთილდღეოდ.

ჩვენც გვჭირდება „ექსტრემიზმი“ სიყვარულსა და შემწყნარებლობაში. ეს კი დაგვანახებს, რომ ყველაზე დიდი ფასეულობა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, არის ადამიანი, რომ თითოეული ადამიანი, იქნება ეს უდიდესი საერო თუ საეკლესიო მოღვაწე თუ მაწანწალა ბავშვი, ერთნაირად ძვირფასია; ძვირფასია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ძვირფასია ნებისმიერი რასის ადამიანი, ძვირფასია ყველა.

ამ გააზრებას ჯეროვანი მოქმედება უნდა მოჰყვეს: ადამიანის კეთილდღეობისათვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა მთავარ საგნად უნდა იქცეს ჩვენში.

ეკლესიის კრიტიკა ეკლესიის წამალია

კინგის ბირმინგემის ციხიდან მოწერილი წერილი ასევე შეიცავს ეკლესიის სერიოზულ კრიტიკას, რაც ეკლესიას ყოველთვის ჰაერივით სჭირდება.

„დიახ, მე ეკლესიას ვუყურებ, როგორც ქრისტეს სხეულს. მაგრამ, ვაგლახ! როგორ დავასახიჩრეთ და დავსერეთ ეს სხეული სოციალური გულგრილობით და იმის შიშით, რომ ნონკონფორმისტებად მოგვნათლავენ. იყო დრო, როცა ეკლესია იყო ძალიან ძლიერი - ეს იმ დროს იყო, როცა ადრინდელი ქრისტიანები იდევნებოდნენ იმის გამო, რაც სწამდათ. იმ დროს ეკლესია უბრალო თერმომეტრი კი არ იყო, რომელიც გაბატონებული აზრის პრინციპებს აფიქსირებდა, არამედ ის იყო თერმოსტატი, რომელიც საზოგადოების ადათ-წესებისა და წარმოდგენების გარდასახვას იწვევდა... ქრისტიანებს დაჟინებული ჰქონდათ, რომ ისინი წარმოადგენდენ „ზეციურ კოლონიას“, რომელიც ადამიანის ნაცვლად ღმერთს ემორჩილებოდა. მათი რიცხვი პატარა იყო, ხოლო მათი თავდადება - დიდი“.

მეექვსე გაკვეთილი საქართველოსთვის

ეკლესია არასოდეს ყოფილა ისეთი გავლენიანი საქართველოში, როგორიც ახლაა. ეკლესია პოლიტიკურ გავლენასთან ერთად უზარმაზარ მატერიალურ ქონებას ფლობს. ეკლესიას აქვს დღეს ყველაფერი, გარდა საღი, პერმანენტული და კონსტრუქციული კრიტიკისა, რომელიც მისი წიაღიდან უნდა მოედინებოდეს.

კინგი მართალია, ძლიერია არა ის ეკლესია, რომელიც მდიდარია, არამედ ის ეკლესია, რომელიც ღარიბია და ღარიბებისა და დაჩაგრულების მხარეზე დგას.

ყველა პრეზიდენტი ან ქვეყნის მეთაური თავის საინაუგურაციო სიტყვაში ლაპარაკობს თავის ხედვაზე, ანუ იმაზე, რაც მისი მოღვაწეობის მანძილზე იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. თავისი მოღვაწობის დასაწყისში იესომაც წარმოთქვა თავისი საინაუგურაციო სიტყვა. ეს სიტყვა ასე ჟღერს:

„უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო
გლახაკთა სახარებლად,
გულშემუსვრილთა განსაკურნებლად,
ტყვეთათვის თავისუფლების
და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად,
ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,
უფლის შეწყნარების წლის გამოსაცხადებლად“. (ლუკა 4, 18)

ქრისტიანი შეიძლება იყოს ან იესოს პატივისმცემელი, ან იესოს მიმდევარი. ვინც იესოს პატივისმცემელია, ის რეგულარულად დადის ეკლესიაში, იცავს წესებს, ასრულებს რიტუალს, ხოლო ის, ვინც იესოს მიმდევარია, ცდილობს, ის გააკეთოს, რასაც იესო აკეთებდა, მაშინაც კი, როცა ეს სახიფათოა. მას თავისი წვლილი შეაქვს იმ ხედვის ხორცშესხმაში, რომელიც იესომ თავის საინაუგურაციო სიტყვაში წარმოთქვა: ზრუნავს ღარიბ-ღატაკებზე, ესარჩლება დამცირებულებსა და განაპირებულებს, იბრძვის დამონებულთა გასათავისუფლებლად და სიძულვილით თვალებდავსილთათვის თვალის ჩინის დასაბრუნებლად...

ეკლესია ქრიტეს ჯეროვან მიმდევრობას ვერ შეძლებს, თუ მას არ ეყოლება გულშემატკივარ კრიტიკოსთა დასი, რომელიც ერთთავად შეახსენებს, რა არის მისი მთავარი მისია: დევნა თუ დევნილების შეფარება, ქონების მოხვეჭა თუ გაცემა, განსხვავებული რწმენის ადამიანის დამცირება თუ პატივისცემა.

აქ მე უნდა დავეთანხმო დავით უსუფაშვილს, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც ქართული პოლიტიკური სპექტრიდან პირველმა გაბედა ეკლესიის საღი კრიტიკა. ვინც ეკლესიას აკრიტიკებს სამართლიანად, ის ეკლესიის მოყვარეა და არა მტერი. რელიგიურ ინსტიტუციებს კრიტიკის გარეშე თუ დავტოვებთ, ჩვენ ამით ხელს შევუწყობთ არა მარტო რომელიმე კონკრეტული რელიგიური ჯგუფისადმი, არამედ საერთოდ რელიგიის იდეისადმი ნიჰილიზმის გაღვივებას.

დასკვნისათვის

ორმოცდაათი წლის წინათ მოქალაქეთა უფლებათა აქტის მიღებით არ დამთავრებულა ბრძოლა რასობრივი დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ არც შეერთებულ შტატებში, არც დანარჩენ მსოფლიოში. კინგს თავის სიტყვაში „მე მაქვს ოცნება“ ნათქვამი აქვს:
„მე მაქვს ოცნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი ერი ფეხზე დადგება და ცხოვრებაში გაატარებს იმას, რაც მის მრწამსშია ნაგულისხმევი: ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჭეშმარიტება აშკარაა: ყველა ადამიანი თანასწორად არის შექმნილი“.

მეც ასევე მჯერა, რომ „ყველა ადამიანი თანასწორად არის შექმნილი“ და ამიტომ მეცა მაქვს ოცნება, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი საქართველოც მტვერივით ჩამოიფერთხავს ყველა იმ სიბნელეს, რომელიც ჟამთა სიავემ მოგვახვია თავს.

მარტინ ლუთერ კინგისა და მის თანამებრძოლთა მიერ დაწყებული მარში ადამიანის თავისუფლებისათვის, დღესაც გრძელდება ყველგან, ყველა კონტინენტზე, ყველა ქვეყანაში. თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ამ მარშის მონაწილეები გადადგამენ, არის ლოცვა - თუ ამ აზრს რაბი აბრაჰამ ჰეშელს დავესესხებით - რომელიც ძირს  უთხრის უსამართლობისა და ფობიების „პირამიდებს“.
სხვისა არ ვიცი, მე კი ყოყმანის გარეშე ვუერთდები ამ მარშს.

კომენტარები