გაზპრომთან მოლაპარაკებები

სოკარი საქართველოს გაზით სრულად დაკმაყოფილებას და ფასის შემცირებას სთავაზობს

როგორც ტაბულას კონფიდენციალურმა წყარომ შეატყობინა, თებერვლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანისგან ახალი წინადადება მიიღო.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვაცნობა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარი საქართველოს, საჭიროების მიხედვით, 500 მილიონი კუბური მეტრით უზრდის გაზმომარაგებას და მის მოწოდებას შაჰ-დენიზის მილსადენით უზრუნველყოფს. ამას გარდა, სოკარი ფასის შესამცირებლადაც მზად არის.

ენერგეტიკის სამინისტრო ჯერჯერობით ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით დუმს, თუმცა ცნობილია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ბუნებრივი აირით ვაჭრობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 29 თებერვალს ვიცეპრემიერი კახა კალაძე ბაქოში გამართავს მოლაპარაკებებს. 

ენერგეტიკის მინისტრი აზერბაიჯანთან გასამართ მოლაპარეკებებზე 22 თებერვალს ამბობდა, რომ სოკარისა და შაჰ-დენიზის საერთაშორისო კონსორციუმის პირობების მოსმენის შემდეგ რუსულ და აზერბაიჯანულ მხარეებთან მოლაპარაკებები საბოლოო ფაზაში გადავიდოდა. 

"29 თებერვალს მაქვს ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც შევხდები სოკარის ხელმძღვანელობას, ასევე გვექნება შეხვედრა შაჰ-დენიზის კონსორციუმთან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ მოვახერხოთ და შესაძლებელი იყოს შაჰ-დენიზის მილსადენში დამატებითი მოცულობების წამოღება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, რომ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ და შემდეგ უკვე გვექნება სურათი იმისა, თუ როგორ დავასრულებთ მოლაპარაკებებს გაზპრომთან. მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების სწრაფად დასრულებას მოვახერხებთ", - ამბობს ვიცეპრემიერი.

საუბარია საქართველოზე გამავალ შაჰ-დენიზის მილსადენზე, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. ამ გაზსადენში დამატებითი ბუნებრივი აირის მიწოდების შემთხვევაში გაზპრომთან მოლაპარაკებები საქართველოს ბუნებრივი აირის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო აღარ იქნება.

კომენტარები