- თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე მის გათავისუფლებას დევნად აფასებს. როგორც მამუკა ახვლედიანმა ტაბულას განუცხადა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებით გადააყენა. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას პასუხის გაცემის საშუალებაც არ მისცა. რაც შეეხება დღევანდელ სხდომაზე დასწრების საკითხს, ახვლედიანის განმარტებით, ის სამედიცინო ბიულეტენზე იმყოფება და დღევანდელ სხდომას ამიტომ ვერ დაესწრო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის მამუკა ახვლედიანის მიერ ჩადენილ შესაძლო დარღვევას დილიდან განიხილავდა. როგორც ნინო გვენეტაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, გათავისუფლების ძირითადი საფუძველი სასამართლოში შესულ საქმეთა განაწილების პრობლემები გახდა.
- არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. მათი განმარტებით, სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება დისციპლინური ღონისძიებაა და მისი გამოყენება კონკრეტული გადაცდომის დადგენის შემდეგ შეიძლება მოხდეს, რაც არ ყოფილა.
- ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ რუსულ და აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები საბოლოო ფაზაში მას შემდეგ შევა, რაც 29 თებერვალს ბაქოში სოკარისა და შაჰ-დენიზის საერთაშორისო კონსორციუმთან გაიმართება შეხვედრები. კალაძის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები შაჰ-დენიზის მილსადენიდან დამატებითი მოცულობების წამოღების თაობაზე. პარასკევს ვენაში გაზპრომის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ კი, კალაძის თქმით, რუსულ მხარესთან კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არაა.




