ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, ვიცეპრემიერის, კახა კალაძის მიერ კომერციულ ბანკებზე გაკეთებული განცხადება ინვესტორებს უფრო ეხებოდა, ვიდრე კომერციულ ბანკებს. ამის შესახებ გოცირიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, კურიერში ისაუბრა.
გოცირიძემ განმარტა, რომ ფული ქვეყნიდან არა კომერციულ ბანკებს, არამედ ინვესტორებს გააქვთ.
"კომერციული ბანკების ხსენება ლარის გაუფასურების კუთხით, რომ, თითქოს ისინი ვალუტის გადინებას ახდენენ, არასწორია. ჩვენთან არის ვალუტის გატანის თავისუფალი რეჟიმი. ინვესტორი თავისუფალია, თუ მან იგრძნო, რომ არის კარგი გარემო, ის შემოიტანს ფულს, თუ იგრძნო, რომ ცუდი გარემოა, ის ფულს გაიტანს. თანხები არა კომერციულ ბანკებს, არამედ ინვესტორებს გააქვთ. კალაძის საყვედურიც ინვესტორებისადმია, თუ რატომ გააქვთ ფული და ტოვებენ ქვეყანას, კალაძის განცხადება დაახლოებით ასე შეგვიძლია გავიგოთ" - განაცხადა გოცირიძემ.
გოცირიძემ ასევე დაამატა, რომ ის მოსაზრება, რომ მთავრობა კომერციული ბანკების საგარეო ტრანზაქციებს ვერ აკონტროლებს, არასწორია. მისი თქმით, კომერციულ გადარიცხვებს ეროვნული ბანკი ვერ აკონტროლებს და ამის უფლებამოსილება ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აქვს, რომელიც დღეს პრემიერმინისტრს ემორჩილება, შესაბამისად, ვისაც შეუძლია გადარიცხვების გაკონტროლება, დღეს ეს მთავრობაა.
"არამგონია, რომ ეს მხოლოდ ვიცეპრემიერის პირადი მოსაზრება იყოს, იმიტომ, რომ როდესაც ასეთი მკაცრი განცხადებები კეთდება ბანკების მიმართ, ესეიგი, ეს აზრი მუსირებს შიდა სამზარეულოში. ის მოსაზრება, რომ მთავრობა ვერ აკონტროლებს კომერციული ბანკების საგარეო ტრანზაქციებს და ეს მხოლოდ ეროვნულ ბანკს შეუცლია, არასწორია", - განაცხადა გოცირიძემ.





