პანორამა თბილისი

ნარმანია: "პანორამას" აპროტესტებს ის, ვინც ფიქრობს, რომ არაფერი უნდა აშენდეს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თბილისი პანორამას პროექტის განხორციელება. ნარმანიას შეფასებითვე, ის ორგანიზაციები, რომლებიც პანორამა თბილისის პროექტს ეწინააღმდეგებიან, განსაკუთრებული რადიკალურობით გამოირჩევიან და ფიქრობენ, რომ არც ერთ ტერიტორიაზე არაფერი უნდა აშენდეს.

"ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანია ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია, მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმება, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის განხორციელებას გრძელვადიანი თვალსაზრისით მოყვება მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტები, შესაბამისად, ეს დამატებითი შემოსავალი იქნება კომპანიებისთვის, ასევე ქალაქისთვის და სოციალური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება და აზრი გამოხატეს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც განსაკუთრებული რადიკალურობით გამოირჩევიან და ფიქრობენ იმას, რომ არც ერთ ტერიტორიაზე არაფერი უნდა აშენდეს. ეს მათი ნებაა და არავის მათთვის ხელი არ შეუშლია", - განაცხადა ნარმანიამ ნეტგაზეთის ცნობით და აღნიშნა, რომ პანორამა თბილისის პროექტის განხორციელებისთვის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა არ არსებობს.

"ჩვენ გვქონდა განხილვა და რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა არ არსებობდა. ზედმეტი კითხვა ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა, ვინაიდან 20-მდე სხვადასხვა ხასიათის კვლევა გაკეთდა ამ პროექტთან დაკავშირებით", - თქვა თბილისის მერმა და აღნიშნა, რომ არსებობს ექსპერტების დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ პანორამა თბილისის პროექტის განხორციელება ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობას არ გაართულებს, რადგან პროექტი ალტერნატიული გზის მშენებლობასაც გულისხმობს.

კომენტარები