- საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები ნაციონალური მოძრაობის წევრებთან გამართა.
- ნაციონალური მოძრაობის წევრებთან შეხვედრამდე გიორგი მარგველაშვილმა დავით საგანელიძე მიიღო. უმრავლესობის ლიდერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციები მომდევნო დღეებშიც გაიმართება და საპარლამენტო უმრავლესობიდან სწორედ ის იქნება წარმოდგენილი.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი იური ვაზაგაშვილის საქმეზე საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს, ზოგიერთი დეპუტატი მომხდარის საკუთარ ვერსიაზეც საუბრობს. გარდაცვლილის ოჯახს მთელი დღის მანძილზე უსამძიმრებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგნელები.
- ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, შესაძლოა, ცვლილებები შეეხოს და მეტიც, მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი არც მისი საერთოდ გაუქმების საკითხის განხილვას გამორიცხავს. თუმცა გაუქმებამდე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებაზე იმსჯელებს, რომელიც შემდეგს გულისხმობს - ნაფიცი მსაჯულები მაღალი თანამდებობის პირთა საქმეებს აღარ განიხილავენ. ამ იდეას თავად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორისაც გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები.
- მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, დონბასის საომარ თეატრში შეტაკებები პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის გრძელდება. ქალაქ დონეცკში გუშინ ტროლეიბუსის გაჩერებაზე ნაღმები აფეთქდა, დაიღუპა 15 ადამიანი. მსხვერპლია დონეცკის აეროპორტის დამცველთა შორისაც - რუსეთის რეგულარული ძალების დახმარებით სეპარატისტები ინტენსიურად ბომბავენ უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.
- რუსეთის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა იმის ანალოგიურია, რაც რუსეთმა საქართველოში განახორციელა და ოკუპაციის გეგმას წარმოადგენს - განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გაეროში სამანტა პაუერმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც უკრაინის კრიზის მიეძღვნა. პაუერმა ოკუპაციის მაგალითად რუსეთის მიერ სოხუმსა და ცხინვალთან ხელშეკრულებების გაფორმებაც დაასახელა.
- უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტში გარდაცვლილის ახლობლები, საქართველოში უკრაინის ელჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ. თამაზ სუხიაშვილი აეროპორტიდან ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს, სადაც პანაშვიდი გაიმართა, მოგვიანებით კი ის გორში გადაასვენეს.
- ლარის კურსის გაუფასურების მორიგ ტალღას დღეს ნაცინალურ მოძრაობაში გამოეხმაურნენ. ზურაბ ჯაფარიძე ლარის გაუფასურებას მთავრობის არასწორი პოლიტიკით ხსნის.




