მარტინ ლუთერ კინგი

მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი) - არაძალადობის წინასწარმეტყველი საქართველოსთვის

(ნაწილი I)

1964 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ხელი მოაწერა აქტს სამოქალაქო უფლებების შესახებ. ამით აიკრძალა რასობრივი სეგრეგაცია საზოგადოებრივ ადგილებში, თეატრებში, ეკლესიებში, სასტუმროებსა და საავადმყოფოებში. თეთრებსა და აფროამერიკელებს სამუშაოს დაკავების თანაბარი უფლება მიეცათ. ეს წერილი ეძღვნება ამ აქტის მიღების 50-ე წლისთავს და იმ ადამიანს, რომელიც სამოქალაქო უფლებათა მოძრაობის მედროშე იყო.

„კინგის კაცები"

ჩვენი თვითმფრინავი გრუხუნით იწევა თბილისის აეროპორტიდან ჰაერში და სწორდება. ცა მოწმენდილია. ილუმინატორიდან დაბლა მზით გარუჯული ლანდშაფტი მოჩანს და მაღლა ღრუბლის ფაფუკი ქულები.

A statue of King on the western facade of Westminster Abbey, London.
ერთი რიგის ერთ მხარეზე ვსხედვართ მე, ჰაჯ-ფაიღ ნაბიევი, ნამიკა გაჯიევი. მეორე მხარეზე კი – მეუფე ილია ოსეფაშვილი და გელა გუნიავა. ჩვენი დელეგაცია ირანსა და ერაყს მიემგზავრება. თვითმფრინავი ირანისაა. როგორც კი გასწორდა ჰაერში, ირანელი სტიუარდესები გამოიშალნენ და სალონში დატრიალდნენ. ჯერ გამაგრილებელი სასმელები ჩამოატარეს და მერე მშვენიერი სადილი. სადილის ხონჩაზე ევროპული ავიაკომპანიების მენიუს მიჩვეული ადამიანისთვის უცხო სასმელ-საჭმელი და ნუგბარი აწყვია: შემწვარი თევზი აღმოსავლური წესით მომზადებული ბრინჯით და ბადრიჯნით – დაახლოებით ისეთით, დედაჩემი რომ ამზადებს ხოლმე ზაფხულში, პომიდვრით და კვერცხით, აქვეა კამამოყრილი ფერადოვანი სალათა, მაწონი, ჩირი და ტკბილეული. ყველაფერს ხალისიანად ვათვალიერებ, ვიდრე ხელებს დავიკაპიწებ და დანა-ჩანგალს მოვიმარჯვებ. მერე კიდევ ერთხელ ჩამოივლის სტიუარდესა და ბოთლებს დაგვირიგებს. ვუყურებ ამ ბოთლებს და თვალებს არ ვუჯერებ – ლუდის ბოთლები ირანულ თვითმფრინავში!!! ზედ ბადვაიზერის მსგავსი იარლიყები აკრავს, ოღონდ წარწერები სპარსულად აქვს.

ჩემს გაკვირვებას ამჩნევს გვერდში მჯდომი ჰაჯ-ფაიღი.

„ეს, მეუფე, ლუდი არ გეგონოთ", მეუბნება ის და სახეზე ნათელი გადასდის.

„აბა, რა არის?" ვკითხულობ გაკვირვებული.

„ეს არის უალკოჰოლო სასმელი, ოღონდ გემო ისეთი აქვს, რომ ბავარიული ლუდისგან ვერაფრით გაარჩევ".

„ვაა!" ანგარიშმიუცემლად გამოვხატავ გაოცებას და ბოთლის სახურავს ვხსნი. მსიამოვნებს ცივი სასმელი. უცებ თავში ეშმაკური აზრი მომდის.

„კი, მაგრამ, ჰაჯ-ფაიღ, ამ მუსლიმმა კაცმა საიდან იცი, ბავარიულ ლუდს როგორი გემო აქვს?!" მინდოდა მეთქვა, სასმელს ხომ არ ეპარები-მეთქი, მაგრამ ეს აღარ ვუთხარი, შეიძლება ხუმრობა ვერ გამიგოს-მეთქი, ჩემთვის ვიფიქრე.

„არა, მეუფე", თავის მართლების კილოზე დაიწყო ჰაჯ-ფაიღმა, „მე არასდროს დამიგემოვნებია არც ლუდი და არც სხვა ალკოჰოლური სასმელი, მაგრამ ვისაც ორივე გასინჯული აქვს, იმისგან ვიცი".

ჰაჯ-ფაიღის „ახსნა-განმარტება" სარწმუნოდ მეჩვენა, რადგან ის სასმელი, რომელიც იმიტირებულ ლუდის ბოთლებში იდგა, სულ არ ჰგავდა არც ბავარიულს და არც არანაირ ლუდს. მას ლუდის გემო რომ სცოდნოდა, ამას არ იტყოდა.

თეირანის აეროპორტში დაგვხვდა ფერეიდნელი ქართველი კაცი, აქბარ მუყადასი. ორი ტაქსი დაიქირავა და ყუმისაკენ მიმავალ გზას გაგვიყენა. გზა ნახევარუდაბნოზე გადიოდა. ნიადაგს ისეთი უცნაური შეფერილობა აქვს და ისეთი უცნაური ვულკანური ფორმირებები მოჩანდა გზის გაყოლებაზე, რომ არ გვცოდნოდა სად ვიყავით, თავი უცხო პლანეტაზე გვეგონებოდა.

საკვირველი ის იყო, რომ ამ მტვრიანი გზის პირას, სადაც მიწას ალმური ასდიოდა, ადგილ-ადგილ მანქანები იყო გაჩერებული. გზიდან ოდნავ მოშორებით ოჯახებს სუფრები ჰქონდათ გაშლილი. ზოგს სამოვრები მოეტანა და ჩაის შეექცეოდა.

ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს სიურრეალისტურ სურათებს ვათვალიერებდი. „ახლა, ალბათ, ესენი ფიქრობენ, ბუნებაში ვსხედვართ და კაი პურსა ვჭამთო", გულში გავივლე, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს.

როგორც იქნა, ჩავაღწიეთ ყუმში. აქ დაგვხვდა დესორხი, რომელსაც თბილისში ვიყავი შენახვედრი, აქამდე მხოლოდ კოსტიუმში გამოწყობილი მყავდა ნანახი, ახლა კი რელიგიურ სამოსელში იყო გამოწყობილი: შავი ანაფორა ეცვა და თავზე კოხტად შემოხვეული შავი ჩალმა ეხურა. შავ ჩალმას აქ მხოლოდ ისინი ატარებენ, ვინც ბიოლოგიურად ითვლება წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლად. ცხადია, შავჩალმიანები მეტი მოწიწებითა და პატივისცემით სარგებლობენ საზოგადოებაში. ალბათ, ქრისტეს რომ ცოლ-შვილი ჰყოლოდა, მისი შთამომავლებიც მსგავსი პატივით ისარგებლებდნენ.

US President Lyndon Johnson and King.
დესორხიმ დაგვაბინავა ერთ ხუთოთახიან ბინაში და გვითხრა:

„ეს იქნება თქვენი რეზიდენცია, ვიდრე ირანში იქნებით".

ოთახები მივათვალ-მოვათვალიერეთ. ჩვენი ბარგი შინ შემოვიტანეთ. დიდ მისაღებ დარბაზში, რომელშიც დაბალი მაგიდები აწყვია სიგრძეზე, კუთხეში თვალსაჩინო ადგილას დგას კოხტად მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხე. ნეტა ეს რას უნდა ნიშნავდეს, ვფიქრობ გუნებაში, ვერაფერს ვხვდები. ბოლოს თავს ვეღარ ვიკავებ და აქბარს ვეკითხები.

„ეს მორთული ნაძვის ხე აქ რატომა დგას?"

„როგორ თუ რატომ", – ჩემზე უფრო გაკვირვებულმა მიპასუხა აქბარმა. „დესორხიმ ეს თქვენს პატივსაცემად დაადგმევინა". აქამდე არასდროს მეფიქრა, რომ ნაძვის ხე ქრისტიანობის სიმბოლოს შეიძლება წარმოადგენდეს მუსლიმებისთვის. ქრისტეშობის თვე რომ ყოფილიყო, ეს კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ სექტემბერი იყო. ძალიან მესიამოვნა დესორხის ეს ჟესტი და გულწრფელი მადლობა გადავუხადე ნაძვის ხისთვის. თუ დიალოგი, საერთოდ, მასში მონაწილეთა გულების კურნებას და მიყენებული ჭრილობების მოშუშებას გულისხმობს, მაშინ ეს ნაძვის ხე დესორხისაგან გადადგმული შერიგების სიმბოლოდ უნდა აღვიქვათ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის.

იმ საღამოს აქბარმა წაგვიყვანა თავისთან სტუმრად. გაიშალა ოჯახში ტკბილეულ-ხილეულის სუფრა.

„არ გინდათ, ახლა ხიზრის სახელზე აგებული სალოცავი მოვინახულოთ?" გვითხრა აქბარმა. ღამის 10 საათია.

„ხიზრი ვინ არის?" იკითხა მეუფე ილიამ და მე გადმომხედა. მხრები ავიჩეჩე.

„თითქოს გამიგია ეს სახელი, მაგრამ არ მახსოვს ვინ არის".

„ხიზრი რიგორ არ იცით, ის თქვენიც არის და ჩვენიც!" – გაკვირვებული სახით გვეუბნება აქბარი. მაგრამ ეს ჩვენ ვერაფერს გვეუბნება. ბიბლიისა და ყურანის ნარატივები ერთსა და იმავე პერსონაჟზე აუცილებელი არ არის, რომ ერთმანეთს ჰგავდეს. დიდხანს ვიმსჯელეთ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენთვის მუსლიმების ხიზრი. აქბარი ხან რა ამბავს მოგვიყვებოდა ხიზრის ცხოვრებიდან, ხან რას, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდით... ბოლოს აქბარმა თბილისში დარეკა და თავის არაბისტ მეგობარს ჰკითხა, ვინ იყო ხიზრი. გავარკვიეთ: ხიზრი ყოფილა ელია!!! (მოგვიანებით გავარკვიე, რომ ეს ელია კი არ ყოფილა სინამდვილეში, არამედ ელიასთან ასოცირებული რელიგიური ფიგურა)
ვიდრე უფროსები იმას ვარკვევდით, ხიზრი ვინ იყო იუდეო-ქრისტიანულ ტრადიაციაში, ამასობაში გრძელი დარბაზის ბოლოში პატარები ტელევიზორის ეკრანზე იყვნენ „მიწებებული" და გატაცებით უყურებდნენ „ჰარი პოტერის" მეოთხე სერიას სპარსულ ენაზე.

ჩვენ ისე წამოვიშალეთ და გავემზადეთ ხიზრის სალოცავში წასასვლელად, რომ ბავშვებს ჩვენთვის ყურადღება არ მოუქცევიათ. ბოლოს გელამ თქვა, ახლა სამახსოვრო ფოტოები უნდა გადავიღოთო. ბავშვებს გასძახეს, მაგრამ ისინი ტელევიზორს მანამდე ვერ მოწყვიტეს, ვიდრე აქბარმა არ გასძახა:

„არ გინდათ დამბელდორთან გადაიღოთ სურათი?" დამბელდორის ხსენებაზე ბავშვებმა თავი მიანებეს ფილმის ყურებას და ჩემს გვერდში აიტუზნენ მორცხვად.

Rosa Parks and King, 1955.
მეორე დილას ჩვენს დიდ მასპინძელთან იყო შეხვედრა. ეს არის დიდი აიათოლა შაჰრისტანი. იგი დაბადებულია ერაყში. ერაყში ჩვენი მოგზაურობისას ქალაქ ნაჯაფში შემთხვევით გადავაწყდით მის ძმას, რომლისგანაც შევიტყვეთ მათი ოჯახის ამბავი. შაჰრისტანი ჯერ კიდევ თინეიჯერი ყოფილა, როცა სადამ ჰუსეინს დაუპატიმრებია და უწამებია. მერე ის თავისი ოჯახის წევრებთან ერთად ერაყიდან ირანში გაქცეულა და ბინა დაუდია ქალაქ ყუმში, რომელიც შიიტური განათლების უზარმაზარი კერაა. ამ ქალაქში 120 000 სასულიერო პირი ცხოვრობს, სწავლობს და ასწავლის.

„ესენი", ჩემზე და მეუფე ილიაზე ეუბნება აქბარ მუყადასი აიათოლას, „ბატონი მალხაზი და ბატონი ილია მარტინ ლუთერ კინგის კაცები არიან, ბაპტისტები".

„ვიცი, მარტინ ლუთერ კინგი დიდი ადამიანი იყო", ენთუზიაზმით გამოეპასუხა აიათოლა.

დესორხის ნაძვის ხის არ იყოს, აქამდე არც ნაძვის ხე მეგონა ქრისტიანობის სიმბოლო და არც თავი წარმომედგინა „მარტინ ლუთერ კინგის კაცად". ეს ერთხელ რაკი ითქვა, რომ ჩვენ „მარტინ ლუთერ კინგის კაცები" ვიყავით, მე და მეუფე ილია მას შემდეგ სადაც კი მოვიდოდით, აქბარი ასე აცნობდა სხვებს ჩვენ თავს. არც მე და არც მეუფე ილიას ჩვენი „კინგის კაცებად" წარდგენა არ გაგვიპროტესტებია. პირიქით, გვიხაროდა კიდევაც, ირანელი აიათოლები და ახუნდები მარტინ ლუთერ კინგს რომ იცნობდნენ და აფასებდნენ.

ასე დავიწყე ფიქრი იმ ადამიანის სულიერ მემკვიდრეობაზე, რომლის ერთ-ერთი კაციც თურმე მე ვყოფილვარ და ირანში ჩასვლა დამჭირდა, ეს რომ გამეგო.

კინგის ნაწერების და ბიოგრაფიების თვალიერება-თვალიერებაში სურვილი გამიჩნდა, მისი ჩემი თვალით დანახული პორტრეტი თქვენთვის გამეზიარებინა, ძვირფასო მკითხველო.

ამასთან ერთად, ისიც გავიაზრე, რომ კინგი და მამაჩემი თითქმის ტოლები იყვნენ. ასაკით მამად მერგებოდა კინგი, შეიძლება ითქვას – 63 დღით უფროსი იყო მამაჩემზე. ორივენი ბაპტისტი ღვთისმსახურები იყვნენ, თუმცა სრულებით განსხვავებულ პირობებში ცხოვრობდნენ. მამაჩემი კომუნისტური დევნის პირობებში მოღვაწეობდა, კინგი – რასობრივი უთანასწორობის პირობებში. ორივე მოესწრო თავიანთი დამთრგუნველი სისტემების რღვევის დასაწყისს და ამით ორივენი ბედნიერები იყვნენ.

ყოველივე ამასთან ერთად, არის კიდევ ერთი „ლინკი", რომელიც მე მარტინ ლუთერ კინგის მოღვაწეობასთან მაკავშირებს. ეს არის ჩემი სულიერი და ინტელექტუალური მენტორი, ამერიკელი პროფესორი როჯერ კრუკი, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული იმ მოძრაობაში, რომელსაც სათავეში მარტინ ლუთერ კინგი ედგა. ჩვენი გაცნობა ასე მოხდა: 1988 წელს ამერიკულმა რელიგიურმა ჟურნალმა, რომელსაც Commision-ი ერქვა, გამოაქვეყნა ვრცელი წერილი ახალგაზრდა ქართველ ბიბლეისტზე. მომდევნო წელს როჯერი და მისი მეუღლე მერი რუთი ჩამოვიდნენ თბილისში და მომძებნეს. ხო, უნდა მეთქვა, ეს ახალგაზრდა ბიბლეისტი მე ვიყავი.

კარგად მახსოვს, სახლში გვიან დავბრუნდი და შინ დამიხვდა ეს უცხოელი ცოლ-ქმარი. მაშინ სუკ-ს გამწარებული ვყავდი და ვიფიქრე, ამერიკელების მოსვლა ჩემთან ცეცხლზე ნავთს დაასხამდა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. იმ დროიდან მოკიდებული, როჯერი ჩემი მენტორი გახდა. საათობით ვსაუბრობდით ხოლმე ხან თეოლოგიაზე, ხან ეკლესიის პოლიტიკაზე ამერიკაში, საქართველოში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე თუ საქართველოს მთებში... მე ხშირად არ ვწერ ახლა. ის უკვე ასაკშია და უკვე კარგად მოფანფალებულ მეუღლეს შესაშური ერთგულებით უვლის. მიუხედავად ყველაფრისა, თავის სამეცნიერო მუშაობას ძველებურად აგრძელებს. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მას ველაპარაკები და მის აზრს ვისმენ. თუ არ ველაპარაკები, იმაზე ვფიქრობ, ჩემს ადგილზე როჯერი როგორ მოიქცეოდა-მეთქი.

იმ დროს, როდესაც მარტინ ლუთერ კინგი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლას ედგა სათავეში, როჯერი კინგის ლაშქარში იდგა. 60-იანი წლების დამდეგს ის თან ადგილობრივი ბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლი იყო, თან კოლეჯში ასწავლიდა.

როჯერი თავისთან აცხოვრებდა სახლში სტუდენტებს, რომელთაც არ შეეძლოთ კამპუსზე ცხოვრების ხარჯები დაეფარათ. სხვათა შორის, მოგვიანებით მასთან ცხოვრობდა ორი შესანიშნავი ქართველი სტუდენტი გოგონა ნინო თოფურიძე და ეკა ლომიძე. მანამდე კარგა ხნით ადრე, 60-იანებში, მკაცრი სეგრეგაციის ეპოქაში, როჯერმა შინ საცხოვრებლად მიიყვანა აფრიკელი სტუდენტები ნიგერიიდან. ეს ნამდვილი გამოწვევა იყო გაბატონებული კულტურისთვის.

როჯერის საქციელმა ბევრი აღაშფოთა და აალაპარაკა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებაში. კარგა ხნის დავის შემდეგ, როჯერმა თავის ეკლესიას დაუყენა საკითხი: თემი მზად იყო თუ არა, რომ ეკლესიაში წევრებად მიეღოთ შავკანიანები. როდესაც ამაზე უარყოფითი პასუხი მიიღო, დატოვა ეკლესიის წინამძღოლობა და მას შემდეგ მთელი თავისი ცხოვრება ახალგაზრდების აღზრდას შეალია. მას არ შეეძლო იმ ეკლესიის წინამძღოლი ყოფილიყო, რომელიც უსამართლობის მხარეზე იდგა. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ ცხოვრებაში ასეთი მენტორი მყავს.

ბაპტისტური ფესვები

მარტინ ლუთერ კინგის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა მისმა ბაპტისტურმა მემკვიდრეობამ. მამამისიც ბაპტისტი ხუცესი იყო, პაპამისიც და თვითონაც.

ბაპტისტური მიმდინარეობა ქრისტიანული ეკლესიის წიაღში ჩაისახა ინგლისის ეკლესიაში. ჰენრი მერვის რეფორმების შემდეგ ინგლისში მონარქი გახდა ეკლესიის მეთაური და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი მოიშალა.

ბაპტისტური ეკლესიის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი სხვა ქრისტიანული მიმდინარეობიდან ის გახდა, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას და ასევე ადამიანის შეგნებულ ასაკში ნათლობას, რასაც თეოლოგიის ენაზე „მორწმუნის ნათლობა" ჰქვია. სწორედ ამის გამო ეწოდათ ამ ეკლესიის მიმდევრებს „ბაპტისტები" ანუ ადამიანის შეგნებულ ასაკში „მომნათვლელები".

ინგლისიდან ბაპტისტურმა ეკლესიამ გავრცელება ჰპოვა ჯერ ამერიკაში და შემდეგ ევროპაში. მისი ევროპული მოძრაობის ფუძემდებლად ითვლება იოჰან გერჰარდ ონკენი (1800-1844). პირველი ბაპტისტური ეკლესია კონტინენტურ ევროპაში დაარსდა 1834 წელს ჰამბურგში. ონკენის უშუალო მეცადინეობის შედეგად ბაპტისტური ეკლესიები გავრცელდა გერმანიაში, საფრანგეთში, რუმენეთში, რუსეთის იმპერიაში.

რუსეთის იმპერიაში პირველი ბაპტისტური ეკლესია თბილისში დაარსდა. დაარსების თარიღად მიჩნეულია 1867 წლის 20 აგვისტო, როდესაც მდინარე მტკვარში, წმ. ნიკოლოზის ტაძრის სიახლოვეს მოინათლა პირველი ბაპტისტი. პირველი თბილისელი პროფესიონალი ბაპტისტი ღვთისმსახური სწორედ ონკენის სემინარიაში გაიგზავნა განათლების მისაღებად და იქიდან დაბრუნდა ონკენის მიერვე ხელდასხმული.

1934 წელს კონტინენტურ ბაპტისტურ მოძრაობას 100 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად ბერლინში მოწვეული იქნა ბაპტისტური მსოფლიო ალიანსის მეხუთე კონგრესი (Fifth Baptist World Alliance Congress).
კონგრესზე დასასწრებად ბერლინში ჩავიდნენ დელეგატები მსოფლიოს 60 ქვეყნიდან, მათ შორის იმ ქვეყნებიდან, სადაც ონკენის მცდელობით იყო დაარსებული ბაპტისტური ეკლესიები. არ იყვნენ დელეგატები მხოლოდ თბილისიდან და საბჭოთა კავშირიდან. მათ დასწრებაზე არ იყო „ამხანაგი" სტალინის „ლოცვა-კურთხევა".

Gunnar Jahn handing the Nobel Prize for Peace to King. Oslo, 1964.
ვიდრე დელეგატები ბერლინში ჩავიდოდნენ, ისინი დაესწრნენ „ვნების წარმოდგენას", რომელიც ათ წელიწადში ერთხელ იმართება ერთ გერმანულ სოფელში, ობერამერგაუში (Oberammergau). ეს სოფელი ამ წარმოდგენის მესამასე წელს ზეიმობდა. მაცხოვრის ვნების წარმოდგენაში მონაწილეობის უფლება ეძლევათ მხოლოდ ამ სოფლის მკვიდრებს. ეს წარმოდგენები დღესაც ძალიან ცნობილ რელიგიურ და კულტურულ მოვლენად ითვლება.

დელეგატები აღტაცებული იყვნენ გერმანიით და მაშინ ვერაფრის დიდებით წარმოიდგენდნენ, რას უქადდა ნაცისტური რეჟიმი ამ ქვეყანას. ჰიტლერს სიტყვით არ მიუმართავს ბაპტისტური კონგრესისთვის, სამაგიეროდ ტელეგრამა გაუგზავნა. ზოგიერთ ბაპტისტს კონგრესზე ჰიტლერის მიმართ სიმპათიებიც კი გაუჩნდა. კონგრესის ერთ-ერთი ამერიკელი დელეგატი წერდა: „დიდი შვება იყო ჩვენთვის იმ ქვეყანაში ყოფნა, სადაც უხამსი სექსუალური ლიტერატურის გაყიდვა აკრძალულია; სადაც მყრალი და განგსტერული ფილმების ჩვენება დაუშვებელია. ახალმა გერმანიამ დიდძალი წიგნები და ჟურნალები დაწვა კოცონებზე, ებრაულ და კომუნისტურ ბიბლიოთეკებთან ერთად".

მაშინ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ნაცისტური ასკეტიკის მიღმა, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი იდეოლოგია იდგა და გამალებით ემზადებოდა აქამდე არნახული ბოროტებების ჩასადენად. უნებლიეთ მახსენდება ფრანკლინ გრეემის, ამერიკელი ბაპტისტი ევანგელისტის ამასწინანდელი განცდადება, რომელშიც იგი პრეზიდენტ ობამას მოუწოდებს, პუტინისაგან აიღოს მაგალითი და ლგბტ თემს პუტინის მსგავსად მოექცეს. თურმე ობამას პუტინისგან ჰქონია ჭკუა სასწავლი!

ბაპტისტურ კონგრესზე ბერლინში ჩასულ უამრავ დელეგატს შორის იყო ერთი აფროამერიკელი ბაპტისტი პასტორი ჯორჯიის დედაქალაქ ატლანტიდან, სახელად მაიკლ კინგი (1899-1984). შინ მას ელოდებოდა ცოლი ალბერტა და სამი შვილი: 7 წლის ვილი ქრისტინე, ხუთი წლის მაიკლი (უმცროსი) და 4 წლის ალფრედი. გერმანიამ, როგორც ცნობილი რეფორმატორის, მარტინ ლუთერის ქვეყანამ, ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაიკლ კინგზე, რომ შინ დაბრუნებისთანავე თვითონაც შეიცვალა სახელი მარტინ ლუთერის პატივსაცემად და თავის 4 წლის შვილსაც შეუცვალა. ორივეს ამიერიდან ერქვა მარტინ ლუთერი, ერთს უფროსი (Sr.), მეორეს უმცროსი (Jr.).

რას იფიქრებდა მაშინ მაიკლ კინგი (უფროსი), რომ მისი უმცროსი ვაჟი, რომელსაც მან სახელი გერმანელი რეფორმატორის პატივსაცემად შეუცვალა, მარტინ ლუთერის მსგავად რეფორმატორი იქნებოდა, ოღონდ ახალი დროებისთვის, ოღონდ არა რელიგიური სამყაროსთვის, არამედ მთელი ადამიანური ცივილიზაციისთვის.

პასტორი მარტინ ლუთერ კინგი უბრალო პოლიტიკური აქტივისტი არ იყო. ის გახდა ამერიკის სამოქალაქო უფლებების მოძრაობის წინამძღოლი და მოწამე. მისი წინამძღოლობა ყოველთვის ეფუძნებოდა ბიბლიურ რწმენას, რომელიც მისი, როგორც ბაპტისტი ღვთისმსახურის, მთავარ საყრდენს წარმოადგენდა. მისთვის ბიბლიური პროტოტიპი იყო მოსე წინასწარმეტყველი, რომელმაც თავისი ხალხი ეგვიპტის მონობიდან გამოიყვანა, თუმცა იმას ვერ ეღირსა, რომ აღთქმულ მიწაზე ფეხი დაედგა. ამიტომ ის ამბობს:

„მე გადავიხედე (მთიდან) და დავინახე აღთქმული ქვეყანა. შეიძლება მე თქვენთან ერთად ვერ მივაღწიო იქამდე, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ, როგორც ხალხი, აღთქმულ ქვეყნამდე მივაღწევთ".
მარტინ ლუთერ კინგის ნაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ მას ჰქონდა მოწიფული ბიბლიური რწმენა, რომელსაც ფესვი ჰქონდა გადგმული ადრინდელი ქრისტიანების მოწამობასა და ცხოვრებაში.

ცხოვრების გზა

მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი) დაიბადა ჯორჯიის შტატის დედაქალაქში, ატლანტაში, 1929 წელს. რწმენასა და რელიგიას უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა მის ცხოვრებაში. მამამისიც და პაპამისიც ბაპტისტი ხუცესები იყვნენ.

კინგმა თავი გამოიჩინა სეგრეგირებულ სკოლაში, როგორც ნიჭიერმა სტუდენტმა. შემდეგ სამი წელი სწავლობდა თეოლოგიას კროზერის თეოლოგიურ სემინარიაში, პენსილვანიის შტატში. შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გადავიდა ბოსტონში. აქ ის შეხვდა თავისი ცხოვრების თანამგზავრს, კორეტა სკოტს. ისინი დაქორწინდნენ. ჯვარი მათ მარტინ ლუთერ კინგის (უმცროსის) მამამ, თავადაც მარტინ ლუთერ კინგმა (უფროსმა), დაწერა. კორეტა სკოტსა და კინგს შეეძინათ 4 შვილი: იოლანდა დენისე, მარტინ ლუთერ III, დეხტერ სკოტი და ბერნიკე ალბერტინე.

სადოქტოროს დაცვის შემდეგ კინგმა და მისმა ოჯახმა ბინა დაიდეს ალაბამის შტატის ქალაქ მონთგომერიში. აქ ის გახდა დექსტერის ქუჩაზე მდებარე ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი.

მარტინ ლუთერ კინგი ეკლესიის წინამძღოლი ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში მკვიდრადაა დამყარებული რასობრივი სეგრეგაცია: შავკანიანებს ეკრძალებათ იმავე შადრევნიდან დალიონ წყალი, რომლიდანაც თეთრკანიანები სვამენ, იმავე საპირფარეშოში შევიდნენ, სადაც თეთრკანიანები შედიან, იმავე ეკლესიაში ილოცონ, სადაც თეთრკანიანები ლოცულობენ... შავკანიანებს ასევე ეკრძალებათ საჯარო ავტობუსში პირველი რიგების დაკავება.

1956 წელს აპატიმრებენ შავკანიან ქალს როზა პარკსს, რომელმაც თეთრკანიანს ადგილი არ დაუთმო ავტობუსში. ეს ინციდენტი დასაბამს აძლევს მოძრაობას სამოქალაქო უფლებებისთვის. კინგი მისი გამოცდილების, თავისუფლებისმოყვარეობისა და მჭევრმეტყველების გამო სულ მალე ამ მოძრაობის სათავეში ექცევა. იგი ხელმძღვანელობს საჯარო ავტობუსების კამპანიის წინააღმდეგ მომართულ 381-დღიან ბოიკოტს. 1956 წლის 20 დეკემბერს ამერიკის უზენაესმა სასამართლომ განაჩინა, რომ ავტობუსებში სეგრეგაცია კონსტიტუციური არ იყო. ეს იყო სამოქალაქო უფლებათა მოძრაობის პირველი დიდი გამარჯვება – კინგის არაძალადობრივი პროტესტის პოლიტიკამ გაჭრა და შედეგი გამოიღო.

ამ ამბავმა კინგი ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ აქცია. ავტობუსების ბოიკოტის გამარჯვებამ კინგი სამოქალაქო უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლის მხედართმთავრად აქცია. თავდაუზოგავი ბრძოლის გამო კინგი 20-ზე მეტჯერ იჯდა ციხეში, ერთხელ დანით დაჭრეს მკერდის არეში, ერთხელ მას და მის ოჯახს ბომბი შეუგდეს სახლში. იგი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე თავდასხმების, შეურაცხყოფის, თვალთვალის და მოსმენების სამიზნედ იქცა.
მიუხედავად გაუსაძლისი წნეხისა, მუქარებისა და დაშინებისა, კინგი ვერ გატეხეს, ვერ ააღებინეს ხელი იმ საქმეზე, რომლისაც მას სწამდა და რომელსაც ემსახურებოდა. კინგს ნათქვამი აქვს: „თუ კაცს არ მიუგნია ისეთი რამისთვის, რისი გულისთვისაც შეუძლია მოკვდეს, მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს". თავად მან მიაგნო ასეთ რამეს, ეს ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო.

მისმა გაბედულებამ და გაუტეხლობამ ათასობით ადამიანი შთააგონა და ამ მოძრაობის ნაწილად აქცია.

კინგის თავდაუზოგავი რუდუნება დაუჯერებელი იყო. როგორც მისი ბიოგრაფები წერენ, 1957 წლიდან 1968 წლამდე მან გაიარა 6 მილიონი მილი, 2500-ჯერ წარმოთქვა საჯარო სიტყვა, მოასწრო 5 წიგნისა და ათასობით სტატიის გამოქვეყნება. მისმა შრომამ უკვალოდ არ ჩაიარა, მის სიტყვას ახლა ყურს უგდებდნენ არა მარტო მისი მრევლი და მომხრეები, არამედ ამა სოფლის ძლიერნიც. მას პირადად ხვდებოდნენ ამერიკის პრეზიდენტები ჯონ კენედი და ლინდონ ჯონსონი.

კინგის 2500 საჯარო გამოსვლას შორის ყველაზე ცნობილია მისი „მე მაქვს ოცნება", რომელიც წარმოთქმულ იქნა ამერიკისთვის ყველაზე სიმბოლურ ადგილას – ლინკოლნის მემორიალის კიბის საფეხურებზე 1963 წელს, 250 000 ადამიანის წინაშე. მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც აფროამერიკელები, ისე თეთრკანიანები.

იმავე წელს ჟურნალმა ტაიმსმა იგი წლის ადამიანად გამოაცხადა. ამით დაიწყო მისი ნაციონალური და ინტერნაციონალური აღიარება. მომდევნო, 1964 წელს მის მიერ მიღებული ყველა ჯილდო და აღიარება გადაფარა ნობელის პრემიის მინიჭებამ. ის გახდა ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი. მაშინ კინგი 34 წლისა იყო.

II ნაწილი

კომენტარები