ნაციონალური მოძრაობა

კალაძე: ნადირაშვილი და ჯაფარიძე თანხის დაბრუნების შემდეგ გაათავისუფლეს

საქართველოს ვიცეპრემიერის კახა კალაძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი "აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს".

"ისინი დაბრუნდნენ ქალაქში, დაუბრუნეს თანხა იმ პიროვნებებს, ვისგანაც მოჰქონდათ და ამის შემდეგ გამოემგზავრნენ საქართველოში, მომდევნო რეისით", - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამ ორ დეპუტატთან დაკავშირებით "ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა არსებობს". 

"ჩვენი ინფორმაციით, მათ მართლაც მოჰქონდათ ერთ მილიონამდე შავი ფული. საინტერესოა ამ ფულის წარმომავლობა. თუ არაფერი იყო, როგორც ისინი ამბობენ, მაშინ რატომ ჰყავდათ 4 საათის განმავლობაში გაჩერებული აზერბაიჯანელ მებაჟეებს, მით უმეტეს, რომ მათ დიპლომატიურ პასპორტები აქვთ", - თქვა კალაძემ. 

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ საპარლამენტო უმცირესობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო დაკავების შესახებ, საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაცია აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ "დეპუტატებს არადეკლარირებული თანხა ჰქონდათ".

თავად ზურაბ ჯაფარიძემ და ირმა ნადირაშვილმა უარყვეს დაკავების ფაქტი. ჯაფარიძის ვარაუდით, ქართული სპეცსამსახურები იმ პირებს უსმენდნენ, ვისაც დეპუტატი თბილისში ირმა ნადირაშვილის ვაიბერის საშუალებით უკავშირდებოდა.

„მე და გოგა ხაჩიძემ სატელეფონო საუბრისას ისეთი განცდა შევქმენით, რომ თითქოს რაღაც მოგვქონდა, გვეგონა, აქ პოლიცია დაგვხვდებოდა და გავერთობოდით, მაგრამ გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ბაქოს აეროპორტში საქართველოს მთელი საელჩო დაგვხვდა. მე და ირმა ნადირაშვილმა ელჩთან შეხვედრა ვცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ნაცვლად იმისა, რომ საელჩოს წარმომადგენლები ჩვენ შეგვხვედროდნენ, მითხრეს, რომ ისინი მებაჟეებს ეკითხებოდნენ - ვიყავით თუ არა დაპატიმრებულები, ამათ რამდენი ელექტროშოკი აღმოაჩნდათო. გარდა ამისა, დიდი ალბათობით საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები დადიოდნენ და ფოტოებს გვიღებდნენ. ამის შემდეგ ირმას და მე 30 წუთის განმავლობაში გვჩხრეკდნენ. ამის გამო თვითმფრინავმა 40 წუთით დააგვიანა“, - თქვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ტაბულას ეთერში, თოქშოუ თეორემაში პირდაპირი ჩართვისას.

კომენტარები