საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი უგულავას საქმეზე: ეს იყო მოსამართლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდი.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში სტუმრობისას განაცხადა, რომ უფლებამოსილებაშაჩერებული მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობა სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს.

"შეფასებები რაც მე მოვისმინე, არის ასევე პირდაპირი ზეწოლა პროკურატურაზე. შეფასებები, რაც მე მოვისმინე, იყო ზეწოლა მოსამართლეზე, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ის, რომ სასამართლო გახდებოდა რეალურად დამოუკიდებელი და გათავისუფლდებოდა იმ მონური უღელისგან, რომელიც თავზე ედგა 9 წლის განმავლობაში.

ჩვენ ვიცით რა გადაწყვეტილებების მიღება უხდებოდათ მოსამართლეებს იძულებით. ჩვენ ეს ყველაფერი დავამთავრეთ და სასამართლოზე არავითარი ზეწოლა არ არსებობს.

იგივე უგულავას საქმეზე პროკურატურა ითხოვდა მის დაკავებას. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის ეს შუამდგომლობა და შეუფარდა გირაო 50 000 ლარის ოდენობით და უფლებამოსილება შეუჩერა. ანუ, ეს იყო მოსამართლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე სასაცილო უწოდა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გიგი უგულავას გადაყენება მის მერის თანამდებობაზე ხელმეორედ არჩევის შიშს უკავშირდებოდა:

"ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადება. ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება 50 მილიონი ლარის მითვისება, ეს ფული ეკუთვნოდათ თბილისელებს. ამ ადამიანებმა ამის ნაცვლად ეს თანხა გამოიყენს საკუთარი პარტიული ინტერესების სასარგებლოდ. 
 
ამის შემდეგ, ადამიანს თუ აქვს გონივრული და რაციონალური აზროვნება შემორჩენილი, როგორ უნდა გაუჩნდეს ამბიცია, კვლავაც წამოაყენოს თავისი კანდიდატურა მერის პოსტზე. ეს მისი უფლებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც ამბობენ, ჩვენ იმიტომ ჩამოვიცილეთ, შეგვეშინდა, გიგი უგულავა ხელმეორედ არ აირჩიონ, ეს სასაცილოა", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები