აპეკის სამიტი ინდონეზიაში

აპეკის სამიტი დასრულდა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გამართული აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ორდღიანი ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი დასრულდა.

შემაჯამებელი სიტყვა ინდონეზიის პრეზიდენტმა წარმოთქვა. მისი თქმით, სახელმწიფო და კერძო სექტორებმა  მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, სანამ გლობალური ეკონომიკა  აღდგენის პროცესშია.  23 გვერდიან საერთო დეკლარაციაში მონაწილე ქვეყნები თანხმდებიან, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დაბალია და ისინი პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო პოლიტიკას გაატარებენ.

აპეკის სამიტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი , ბარაკ ობამაც უნდა დასწრებოდა , თუმცა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეწყვეტის გამო მან ვიზიტი გააუქმა. ობამას ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მისი განცხადებით ობამას ადგილას თავადაც ასე მოიქცეოდა.

აღსანიშნავია, რომ  სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრის დროს მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს რუსეთთან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებში.

აპეკის მომავალი სამიტის ჩატარება, შემდეგ წელს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იგეგმება.

 

კომენტარები