ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დასავლეთ საქართველოს პროკურატურისგან უწყება მიიღო. მერაბიშვილთან ერთად, პროკურატურაში კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილიც არის დაბარებული. სავარაუდოდ, გამოძიებას კითხვები სოციალურ აგენტებთან დაკავშირებით აქვს. დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი თებერვლის თვეში პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ.
"კახეთში ჩემს საქმიანობას და სტიქიით დაზარალებულთა ანაზღაურების მოთხოვნით ხალხის გვერდზე დგომას, პროკურატურის მხრიდან მოჰყვა ძალიან მარტივი პასუხი - ხვალ დაბარებული ვარ ქუთაისში. საქმე ეხება ისევ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას, რომლის თაობაზე ვანო მერაბიშვილი და მე თებერვალში უკვე ვიყავით ქუთაისში დაკითხვაზე. ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის საპასუხოდ, ხელისუფლება კვლავ მიმართავს ძველ მეთოდს. მე უწყება ჩავიბარე და ხვალ 2 საათზე უნდა გამოვცხადე ქუთაისში. იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება პრაქტიკულად ვერ ასრულებს ვერანაირ დაპირებას, ვხედავთ ქაოსს თბილისის ქუჩებში და ახლა უკვე კახეთშიც, ხელისუფლება უუნაროა შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები, ჩვენ, ვინც ხალხის გვერდით ვდგავართ, გვიბარებს პროკურატურაში", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თუ კონკრეტულად რა კითხვები აქვს გამოძიებას ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანთან და კახეთის გუბერნატორთან, ხვალ გახდება ცნობილი.





