დაკავება

აჭარაში პოლიციის კაპიტანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი, 1981 წელს დაბადებული დემურ დ. გამოავლინეს.

დემურ დ-მ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რომლის მიმართაც ინტერპოლი გადამოწმებას აწარმოებდა, 500 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ დახმარება აღუთქვა.

ქრთამის ასაღებად დემურ დ-მ მეგობარი დაიხმარა. შსს-ს გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე დაკავებულია ქრთამის აღებაში ბრალდებული პირიც და მისი მეგობარიც.

სისხლის სამართლის საქმე 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები