იუსტიციის უმაღლესი სკოლა

დავით სააკაშვილი: ქალბატონი თეა იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის შეფასებისას ცრუობს

დავით სააკაშვილი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი, გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ დღეს, 16 მარტს მოსამართლეთა კორპუსთან გაკეთებულ განცხადებებს
შეგახსენებთ, რომ წულუკიანმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა დააანონსა. მისი თქმით, "სკოლა შავ დღეშია" და კმაყოფილება გამოთქვა, რომ  არჩევნების შემდეგ სკოლის დირექტორმა, დავით სააკაშვილმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ძმაა, თანამდებობა დატოვა.    
დავით სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრის საპასუხოდ ვრცელი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორად იგი 2001 წელს დაინიშნა, ხოლო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იმიტომ გადადგა, რომ თავიდან აეცილებინა პოლიტიკური სპეკულაციები.
"ქალბატონი თეა სკოლის საქმიანობის შეფასებისას ცრუობს! ბოლო 10 წლის მანძილზე, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით, სკოლამ უაღრესად მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და პროფესიონალი მოსამართლეების მომაზადების/გადამზადების ცენტრი გახდა. მინისტრი ძალიან ცდება, როდესაც ამ სკოლის ყველაზე დიდ "განსაცდელად" მე მასახელებს, ჩემი პრეზიდენტთან ნათესაური კავშირის გამო!", - აცხადებს დავით სააკაშვილი და იქვე ამატებს, რომ იუსტიციის მინისტრმა "უპასუხისმგებლო" განცხადება გააკეთა.  
"დემოკრატიულ სახელმწიფოში "გვარებად" საზოგადოების დაყოფა დაუშვებელია. ეს მას უნდა ესმოდეს, როგორც დასავლური ღირებულებების მატარებელ სახელმწიფო მოღვაწეს. ვაცხადებ, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე და ჩვენი კონსტიტუცია იცავს ყოველი ჩვენგანის დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას მიუხედავად იმისა, თუ რას საქმიანობენ ჩვენი ძმები და მამები", - ნათქვამია დავით სააკაშვილის განცხადებაში. 

კომენტარები