არჩევნები 2012

თელავში ქართული ოცნების აქცია გაიმართა

9 სექტემბერს თელავში ქართული ოცნების აქცია გაიმართა. დასაწყისში ბიძინა ივანიშვილმა მისი კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა კახეთის რეგიონში : გურჯაანში მანანა ბერიკაშვილი, საგარეჯოში - თინა ხიდაშელი, ლაგოდეხში - ელდარ კურტანიძე, სიღნაღში - გელა გელაშვილი, ყვარელში - დავით ქევხიშვილი, დედოფლისწყაროში - ალექსანდრე თამაზაშვილი, ახმეტაში - ზვიად ზვიადაური, ხოლო თელავში - გელა სამხარაული.

მან ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატებზეც და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ცდილობს, ყველგან კარგი სახელისა და ავტორიტეტის მქონე კანდიდატები წარადგინოს. ამიტომ, ხალხს ურჩია, არ მოტყუვდნენ, რადგან კანდიდატები დაშინების მსხვერპლნი არიან და სააკაშვილის მორჩილი ხელქვეითები იქნებიან.

ივანიშვილმა გამოსვლისას მნიშვნელოვანი დრო კვლავ ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. განაცხადა ისიც, რომ ისინი რეგიონებში ხალხის მოსყიდვით არიან დაკავებული და ფულს არიგებენ. ქართული ოცნების ლიდერმა ხალხს ფულის აღება, თუმცა არჩევნებზე მისი და მისი გუნდის მხარდაჭერა ურჩია. „თუ ფულს გირიგებენ, აიღეთ. ეს თქვენი ნაძარცვის ნაწილია, მაგრამ არჩევნების დღეს ღირსება შეინარჩუნეთ , არ გათითოკაცდეთ, არ დახურდავდეთ, არ გაყიდოთ თქვენი მომავალი", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი გამოეხმაურა ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებსაც. მისი თქმით, სოფელ ლაფანყურთან დატრიალებულმა ტრაგედიამ აჩვენა, რომ ხელისუფლებას ადამიანის სიცოცხლე არაფრად მიაჩნია. ივანიშვილის განცხადებით, გლოვა და მწუხარება ამ ამბავმა ქართველ და არა მხოლოდ ქართველ დედებს მოუტანა. აღნიშნა, რომ არ ვიცით, რა მოხდა სინამდვილეში, ამიტომაც პოლიტიკურ შეფასებებს მოერიდება და იქვე დაამატა, „ნუთუ არ შეიძლებოდა, ამ ამბის უმსხვერპლოდ დამთავრება?“

ივანიშვილის განცხადებით, დანამდვილებით მხოლოდ ის იცის, რომ ხელისუფლება ოპერაციის დაწყებიდანვე ტყუოდა: როდესაც თქვა, რომ რუსეთიდან გადმოსულ დივერსანტებს ებრძოდა, თუმცა, როგორც კი აღმოჩნდა, რომ ჯგუფი რუსეთიდან არ იყო გადმოსული, იმის მტკიცება დაიწყო, რომ ჯგუფის არცერთი წევრი საქართველოს მოქალაქე არ იყო. გარდა ამისა, ივანიშვილი დაპირდა ქისტ თანამემამულეებს, რომ ამ მოვლენებს გამოიძიებს და დამნაშავეებს დასჯის.

ივანიშვილმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო სოფლის მეურნეობაზე საუბარს. ის კახელებს მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებას დაპირდა. მისი თქმით, ქართული ღვინო რუსულ ბაზარსაც დაუბრუნდება და ახალი ბაზრების ათვისებასაც გააგრძელებენ.

გამოსვლის ბოლო ნაწილში ქართული ოცნების ლიდერმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ არჩევნების გაყალბებაზე ყველა პასუხს აგებს. „ყველა გვეყოლება აღრიცხვაზე. არ იფიქროთ რომ ვიმუქრები და ბევრის დასჯა მინდა. იმიტომ გაფრთხილებთ, რომ არ მინდა. გაყალბებას ვერ შეძლებთ და თავი არ შეირცხვინოთ", - თქვა ივანიშვილმა.

აქცია ბერა ივანიშვილმა სიმღერით დაასრულა.

 

კომენტარები