ჩინეთი

მილიონობით ჩინელი კვლავ გამოქვაბულში ცხოვრობს

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი ბევრისთვის ამერიკის შეერთებული შტატების დაისის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღმასვლის მანიშნებელი იყო. თუმცა, 2010 წლის მონაცემებით, 2005 წლის დოლარებში დათვლილი ერთ სულ მოსახლეზე ჩინეთის რეალური შიდა პროდუქტი აშშ-ის მე-19 საუკუნის დასასრულის დროინდელი მონაცემების ტოლია (2800$). მიუხედავად ეკონომიკური სასწაულისა, მოსახლეობა იქ ჯერ კიდევ ღარიბია.

ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში 30 მილიონზე მეტი ადამიანი გამოქვაბულებში ცხოვრობს. ეს გამოქვაბულები, ანუ იოდონგი, მეორე ათასწლეულის დასაწყისიდან იღებს სათავეს და რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, 21-ე საუკუნეშიც ბევრი მოსახლე ჰყავს.

შენსის პროვინციის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ გამოქვაბულებში ცხოვრობს. უნდა აღინიშნოს, რომ საცხოვრებელთა უმრავლესობა ხელოვნურია – ყვითელმიწა ნიადაგი საშუალებას აძლევს ლიოსის პლატოს მცხოვრებლებს, რომ მიწისქვეშ სახლები იოლად ააშენონ. ზოგიერთ გამოქვაბულს გარეთა ფასადი აქვს, ანუ მიწაში ნაწილობრივაა განთავსებული, უმრავლესობა კი ბნელი და ტენიანია, რაც იქ ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის.

სიღარიბე ჩინელებს აიძულებს, რომ ჩვეულებრივ ბინასა და გამოქვაბულს შორის, ამ უკანასკნელზე გააკეთონ არჩევანი. ისინი საცხოვრებელი პირობებით პრეისტორიულ გამოქვაბულებს უტოლდება, მაგრამ იმის გამო, რომ მიწისქვეშ სახლის აშენებას ნაკლები სახსრები სჭირდება, მოსახლეობისთვის აქ ცხოვრება უფრო ხელმისაწვდომია.

თუმცა გამოქვაბულშიც გვხდებიან სხვადასხვა სოციალური ფენის ოჯახები. შენსის შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს იქ წყალგაყვანილობა, ელექტროენერგია და საკაბელო ტელევიზია აქვთ. ნაკლებად შეძლებულებს ისიც აკმაყოფილებთ, რომ მღვიმე ზაფხულობით სიგრილეს ინარჩუნებს, ზამთარში კი სითბოს.

მღვიმეში ოთახის დაქირავება უფრო იაფია, ვიდრე ტრადიციული სახლის. როგორც Los Angeles Times-ი წერს, ერთოთახიანი მღვიმის ქირაობა თვეში 30 დოლარი ღირს, ხოლო სამოთახიანი მღვიმე სააბაზანოსთან ერთად, შეგიძლიათ 46 ათას დოლარად იყიდოთ. არქიტექტორ ლიუ ხიაპინის თქმით – „გამოქვაბული ენერგოეფექტურია, ფერმერებს შეუძლიათ სამეურნეო მიწის დაზოგვა, თუ სახლს კლდეში გამოკვეთენ. ასევე, მღვიმის აშენება დიდ ცოდნას არ მოითხოვს და არც ძვირი ჯდება”.

ჩინეთის ვიცეპრეზიდენტი სი ძინპინი, რომელიც ჰუ ძინტაოს მემკვიდრედ მოიაზრება, გადასახლებაში ყოფნისას, შვიდი წლის მანძილზე, გამოქვაბულში ცხოვრობდა. მაო ძე დუნის და კომუნისტური პარტიის წევრებისთვის იანანის (ქალაქი შენსის პროვინციაში) მღვიმეები, 1935-1948 წლებში, პარტიის ბაზას წარმოადგენდა. ბევრი ახალგაზრდა კომპარტიელისთვის იანანის გამოქვაბულები პილიგრიმობის ადგილია.

სანამ მოსახლეობის შემოსავლის დონე არ აიწევს, იოდონგები კვლავ შეინარჩუნებენ პოპულარობას, ხოლო სანამ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი არ მოიმატებს, ჩინეთზე, როგორც წამყვან მსოფლიო ძალაზე, საუბარი ადრეა. გამოქვაბულს მარტო საცხოვრებლის დანიშნულება არ აქვს – მიწისქვეშ სკოლებს და უნივერსიტეტებსაც წააწყდებით. მაგალითისთვის, იანანის უნივერსიტეტი მღვიმეებს სტუდენტურ საცხოვრებლებად იყენებს. სიანის უნივერსიტეტის პროფესორის და არქიტექტორის, ვან ხუნის თქმით, შესაბამისი რენოვაციების და გაუმჯობესების მეშვეობით, მაგალითად სავენტილაციო სისტემის დამონტაჟებით, ტრადიციული მიწის გამოქვაბულები შეიძლება ისეთივე კომფორტული იყოს, როგორც თანამედროვე სახლები. მაგრამ მღვიმის მცხოვრებლებს სავენტილაციო სისტემის დამონტაჟების და რენოვაციის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, გამოქვაბულებში ცხოვრებას ნამდვილად არ მოისურვებდნენ.

როდესაც სოფლის მოსახლეობა საცხოვრებლად ქალაქში გადადის, ბევრ მათგანს მღვიმეებში ცხოვრების ნოსტალგია აქვს. ზოგის აზრით, გამოქვაბულში ცხოვრება თემურ კუთვნილებას აღვივებს, სამეზობლო ერთმანეთთან ახლოსაა, ქალაქში კი შენი ბინის გარეთ არავის იცნობ. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ჩინელები საცხოვრებლად ქალაქში გადადიან.

გამოქვაბულებში ცხოვრება არცთუ უსაფრთხოა. 1556 წლის შენსის მიწისძვრამ ეს ნათლად აჩვენა – მღვიმეების ბინადრები მიწამ ჩაიტანა. მიწისქვეშა სახლები წვიმის პერიოდში ზედმეტად ტენიანია, რაც იქ მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.

შენსის პროვინცია ერთ-ერთი უღარიბესია ჩინეთში. მის მცხოვრებთ არ აქვთ ძირითადი საცხოვრებელი პირობები, რომ არაფერი ვთქვათ ტელევიზორებზე, სარეცხ მანქანებსა და ღუმელებზე. ამ ვითარების გათვალისწინებით, შენსის მღვიმეები ემსგავსება გეტოებს, სადაც მოსახლეობა გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

კომენტარები