აშშ 300,000 იმიგრანტის დეპორტაციის საკითხს განიხილავს

არალეგალურ იმიგრანტებს, რომლებიც საფრთხეს არ უქმნიან ამერიკულ საზოგადოებას, დეპორტაცია შეიძლება აღარ დაემუქროს, განაცხადა ობამას ადმინისტრაციამ. საშინაო უსაფრთხოების მინისტრის ჯანეტ ნაპოლიტანოს განცხადებით, საქმეები, რომლებიც საფრთხის არშემცველ იმიგრანტებს ეხება, სასამართლოებს უმიზეზოდ ტვირთავს. გადაწყვეტილება შეიძლება 300,000 არალეგალურ იმიგრანტს შეეხოს.

რესპუბლიკური პარტიის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება გვერდს უვლის საკანონმდებლო ორგანოს.

გადაწყვეტილებას მიესალმნენ ოცნების აქტის (Dream Act) ავტორები. აღნიშნული აქტი საშუალებას მისცემს არალეგალურ იმიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში ჩამოსვლისას ბავშვები იყვნენ, მიიღონ ლეგალური სტატუსი, თუ ისინი უნივერსიტეტში ისწავლიან, ან სამხედრო სამსახურში ჩაეწერებიან.

დღეს აშშ-ში 11 მილიონამდე არალეგალური იმიგრანტი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ლათინური ამერიკიდანაა.

კომენტარები